საქართველოში მაღალი ინფლაციაა, რაც საწვავის ფასებზეც აისახება. ბოლო მონაცემებით, ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე სუპერის ტიპის საწვავი, საშუალოდ, 3,3 ლარი ღირს. საქსტატის მიხედვით, სექტემბერში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, ბენზინზე ფასები 44%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება დიზელს, ეს პროდუქტი წლიურად 37%-ით არის გაძვირებული.

ქვეყანაში საწვავზე ფასების ცვლილებაზე სამი ძირითადი ფაქტორი მოქმედებს: საერთაშორისო ფასები, აქციზის გადასახადი და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ქვეყანაში საწვავის ღირებულების ცვლილებას განსაზღვრავს, საერთაშორისო ფასებია. ბოლო ერთ წელში ნავთობზე ფასები დრამატულად გაიზარდა, რაც მსოფლიოში საწვავზე მოთხოვნის ზრდას უკავშირდება — ეს კი, თავის მხრივ, კოვიდ-კრიზის შემდეგ გლობალური ეკონომიკის აღდგენის პროცესთან არის დაკავშირებული.

ბოლო მონაცემების მიხედვით, ბარელი ნავთობის ფასი წლიურ ჭრილში 134%-ით არის გაზრდილი და 84 დოლარს აჭარაბებს. უფრო კონკრეტულად, მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 84,38 დოლარი შეადგინა. Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი კი ბარელზე 84,05 დოლარი გახდა. Bank of America ელოდება, რომ მომავალი წლის ივნისში ბარელი ნავთობის ფასი 120 დოლარს მიაღწევს.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ქვეყანაში საწვავზე არსებულ ფასების ფორმირებაზე ახდენს გავლენას, აქციზის გადასახადია. როგორც ცნობილია, 2017 წლის დასაწყისში საწვავზე აქციზურმა გადასახადმა მოიმატა. 1 ტონა ბენზინის აქციზური გადასახადი გაორმაგდა და 250-დან 500 ლარამდე გაძვირდა.

საწვავზე, ისევე როგორც სხვა იმპორტირებულ პროდუქტზე, ფასის განსაზღვრის კიდევ ერთი ფაქტორი ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსია. ლარის გაუფასურება უცხოურ ვალუტაში შეძენილი პროდუქტის გაძვირებას იწვევს, რადგან იმპორტირებული პროდუქტის შესაძენად უფრო მეტი ლარის გაღება ხდება საჭირო. აღსანიშნავია, რომ წლიურ ჭრილში ლარი დოლართან მიმართებით 2,4%-ით არის გამყარებული. გასული წლის ოქტომბერში ერთი დოლარის საშუალო ღირებულება 3,22 იყო. მიმდინარე წლის ოქტომბერში კი ერთი დოლარი საშუალოდ 3,14 ლარად ფასობდა. შესაბამისად, თუ წლიურ ჭრილში განვიხილავთ, ლარის დოლართან გაცვლით კურსს საწვავის ფასის ზრდაზე გავლენა არ უნდა მოეხდინა.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში წლიური ინფლაცია 12,3% იყო. ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათზე ფასების ზრდამ მოახდინა. აღსანიშნავია, რომ სექტემბერში ბენზინი 10 ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტს შორის იყო. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საწვავის წვლილი წლიურ ინფლაციაში 1,9 პროცენტულ პუნქტს გაუტოლდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლოს საქართველო 13,05%-იანი ინფლაციით მსოფლიოში მე-16 ადგილს დაიკავებს.