სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების საპასუხოდ დროას ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ სუს-მა დამოუკიდებლობის დეკლარაცია რომ წაიკითხოს გული გაუსკდება.

"სუსი, გამოძიება 1776 წლიდან დაიწყეთ და ამერიკელებს მიადექით, დამოუკიდებლობის დეკლარაცია რომ წაიკითხოთ გული გაგისკდებათ ისეთი წერია იქ", — წერს ხოშტარია Facebook პოსტში.

მას შემდეგ რაც სუს-მა სოციალურ ქსელში რევოლუციური განწყობების შესახებ განცხადება გაავრცელა, მოქალაქეები "რევოლუციას" პოსტავენ.

დღეს, 3 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლითაც სოციალურ ქსელებში "რევოლუციურ მოწოდებებს" გამოეხმაურა და მოქალაქეები სასჯელზე გააფრთხილა.

სუს-ის მტკიცებით, ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს "რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით". ამის ფონზე უწყება აცხადებს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, მსგავსი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, ამავე მიზნით შეიარაღებული მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე.