პარტია დროას დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია პარლამენტში შიმშილობას იწყებს. მისი თქმით, შიმშილობას არ შეწყვეტს მანამ, სანამ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.

"ადგილი შემთხვევით არ შემირჩევია, ამ ინსტიტუტმა დაკარგა ინსტიტუციური ფუნქცია, ეს არის ჩემთვის პროტესტის ადგილი, შესაბამისად, აქ ვიწყებ შიმშილობას. არ დავტოვებ ამ შენობას, ვიქნები აქ მუდმივად, არ გავალ აქედან", — განაცხადა მან.

ჟურნალისტების კითხვას, რას იზამს, თუ შეეცდებიან გაძევებას, ხოშტარია ასე პასუხობს:

"ფორმალურად მათ კანონის მიხედვით ჩემი გაძევების უფლება არ აქვთ, მაგრამ მე არაერთხელ გავუძევებივარ მოქმედი პარლამენტარი ამ შენობიდან, როდესაც მათ ეს არ აწყობდათ. ამიტომ არც ვიცი და არც მაინტერესებს ქართული ოცნება როგორ მოიქცევა. მე აქ ვიქნები".

მისი თქმით, შიმშილობა უკვე დაიწყო და დღეს საკვები აღარ მიუღია. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, მიიღებს მხოლოდ წყალს. ამასთან, დროას ლიდერის განცხადებით, ის არავის მოუწოდებს შიმშილობისკენ და სხვებთან ამასთან დაკავშრებით კონსულტაციები არ ჰქონია.

"ყველას აქვს თავისი პროტესტის ფორმა. მე არ მიმაჩნია, რომ ახლა ყველა უნდა დაჯდეს და იშიმშილოს. არის ძალიან ბევრი საქმე, არის ბევრი აქცია, პროტესტი, დასაბრუნებელია არჩევნები", — აღნიშნა ხოშტარიამ.

მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 34 დღეა შიმშილობს. მან შიმშილობა დაკავების დღიდან გამოაცხადა. მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო, ექიმები აღნიშნავენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სუსტია. მხარდამჭერები და თანაგუნდელები სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

28 ოქტომბერს სააკაშვილის შიმშილობაზე საუბრისას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ადამიანებს თვითმკვლელობის უფლება აქვთ და სახელმწიფო ამაზე ვერ აიღებს პასუხისმგებლობას.

პოლიტიკური პარტიები, ორგანიზაციები, სამედიცინო მუშაკები ხელისუფლებას ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებენ. თუმცა ქართული ოცნება ამაზე უარს ამბობს. ხელისუფლების განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილია ყველა პირობა იმისთვის, რომ პატიმარს უმკურნალონ. იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილს სწორედ ციხის სამედიცინო განყოფილებაში გადაიყვანენ. ამის წინააღმდეგია ექსპრეზიდენტი და ამბობს, რომ როგორიც არ უნდა იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე.