პოლიტიკოს, გოკა გაბაშვილს და ლელოს წევრ გრიგოლ გეგელიას პარტია დროას დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად პარლამენტის შენობაში არ უშვებენ. როგორც გაბაშვილი ამბობს, სპეციალური საშვი უკვე აქვს, თუმცა, ამის მიუხედავად, საკანონდმებლო ორგანოში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

პარლამენტის უსაფრთხოების დაცვის უფროსი ამბობს, რომ დღეს მოქალაქეებისთვის ერთჯერადი შესვლა შეჩერებულია, თუმცა ამის კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს. მისივე თქმით, შესაძლოა, შეზღუდვა "ორ საათშიც მოისხნას".

ელენე ხოშტარიამ პარლამენტში შიმშილობა გუშინ, 3 ნოემბერს დაიწყო. მისი თქმით, შიმშოლობას არ შეწყვეტს, მანამ, სანამ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.

იმავე მიზეზით დღეს, 4 ნოემბერს, სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა, ირაკლი გოგუაძემ დაიწყო შიმშილობა. ის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობს და მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს. გოგუაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რა შედეგები მოჰყვება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას.

საპატიმროში მიხეილ სააკაშვილი უკვე 35-ე დღეა შიმშილობს. მან შიმშილობა დაკავების დღიდან გამოაცხადა. მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო, ექიმები აღნიშნავენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სუსტია. მხარდამჭერები და თანაგუნდელები სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

პოლიტიკური პარტიები, ორგანიზაციები, სამედიცინო მუშაკები ხელისუფლებას ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებენ. თუმცა ქართული ოცნება ამაზე უარს ამბობს. ხელისუფლების განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილია ყველა პირობა იმისთვის, რომ პატიმარს უმკურნალონ. იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილს სწორედ ციხის სამედიცინო განყოფილებაში გადაიყვანენ. ამის წინააღმდეგია ექსპრეზიდენტი და ამბობს, რომ როგორიც არ უნდა იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე.