ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი, გიორგი კირთაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამასა და შსს-ს მაღალჩინოსანს, დათო რიჟვაძეს, საკრებულოს ოპოზიციურ წევრებზე მუქარასა და მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, კოალიციური მერობის წაღების მცდელობის კვალდაკვალ, ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა გადამწყვეტი იერიში მიიტანოს ბათუმის საკრებულოზე.

"დავით რიჟვაძე საკრებულოს იმ წევრებთან, რომელიც ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიით გახდნენ საკრებულოს წევრები, ახორციელებს სხვადასხვა ტიპის მუქარას და მოსყიდვის მცდელობას. მინდა გავაფრთხილო თორნიკე რიჟვაძე და მისი მამა, დავით რიჟვაძე, შეეშვას ამ ყველაფერს, აუცილებლად მას მოუწევს სამართლებრივი პასუხისგება ამ ყველაფრისთვის და ეს დრო არ არის შორს", — ამბობს კირთაძე.

ამასთან, კირთაძე ლელოსა, და გახარიას პარტიის საკრებულოს წევრებს მიმართავს და მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია საკრებულოში მათ მყარი უმრავლესობა შექმნან, რათა ქართული ოცნების მიერ ოპოზიციურ პარტიებზე ზეწოლა და შანტაჟი შეწყდეს.

"უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ არსებობენ ამ ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც არ ექვემდებარებიან შანტაჟს და არ იყიდებიან. ასევე, მინდა მოვუწოდო სხვა ოპოზიციურ პარტიებს და ამ შემთხვევაში, ლელოსა და გახარიას პარტიას, სასწრაფოდ დავიწყოთ მოლაპარაკება და რაც შეიძლება სწრაფად ჩამოვაყალიბოთ მყარი უმრავლესობა საკრებულოში, რათა, საბოლოოდ შეგვეშვას ქართული ოცნების ეს დიდი, ბოროტი მანქანა და შეწყვიტოს ჩვენს წევრებზე ზეწოლა და შანტაჟი", — აცხადებს ის.