სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას თქმით, სააკაშვილის განცხადებით, მას უთხრეს, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ. შესაბამისად, ის აღნიშნულ შეთავაზებას დათანხმდა.

"პირადად ვნახე. ვისაუბრეთ, მოვლენებს აღწერს შემდეგნაირად. მისი განცხადებით მას უთხრეს, რომ შედგა კონსილიუმი და კონსილიუმმა გადაწყვიტა, რომ მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაეყვანათ. შესაბამისად საკუთარი ნებით დათანხმდა. თუმცა ჩვენ მე-12 დაწესებულებაშიც ვიყავით და იქ რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, სადაც აცნობენ პატიმარ სააკაშცილს, სადაც აცნობენ N18 დაწესებულებაში, ასეთი რამ არ არსებობს", — აცხადებს ლომჯარია.

ომბუდსმენის განცხადებით, მას შემდეგ რაც ის გლდანის ციხის ტერიტორიაზე შეიყვანეს, სააკაშვილმა თქვა, რომ სასწრაფო-სამედიცინო მანქანიდან გადმოსვლა არ სურდა.

"მისი თქმით, ის ძალის გამოყენებით შეიყვანეს N18 დაწესებულებაში. უარი განაცხადა, რომ ექიმს გაესინჯა მის დაზიანებებთან დაკავშირებით, თუმცა ჩემთვის არ დაუდასტურებია, რომ აქვს სხეულზე დაზიანებები. თუმცა ექიმს ის არ გაუსინჯავს და ვიზუალურად არ ეტყობა, რაც შემეძლო რომ დამენახა", — განაცხადა სახალხო დამცველმა.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა ერთი საათის შემდეგ დაადასტურა — მას შემდეგ, რაც რუსთავის ციხიდან აფრენილი ვერტმფრენი გლდანის ციხის თავზე გამოჩნდა. მანამდე უფლებადამცველებმა, ოჯახის წევრებმა და ომბუდსმენმა არ იცოდნენ, სად იყო სააკაშვილი. ვარაუდობდნენ, რომ მას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანდნენ.

მოგვიანებით, როცა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, გლდანის ციხეში სააკაშვილის სანახავად მივიდა, განაცხადა, რომ ის რუსთავის ციხიდან სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს და ციხეში ძალის გამოყენებით შეიყვანეს. მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილს პალატაში ესმის სხვა პატიმრების გინებისა და მუქარის ხმა. ადვოკატებმა ეს ფსიქოლოგიურ ზეწოლად და წამებასთან გათანაბრებულ ქმედებად შეაფასეს.

იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანისას არცერთი პროცედურა და ნორმა არ ყოფილა დარღვეული. მისივე მტკიცებით, სააკაშვილმა ციხეში შეყვანისას თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.

სააკაშვილის ციხეში შეყვანის შემდეგ ადგილზე სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანა და დამატებითი საპოლიციო ძალები შეიყვანეს. გარდა ამისა, ციხეში მიიტანეს კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი. მანამდე რამდენიმე დღით ადრე კი უწყება ამტკიცებდა, რომ ციხის კლინიკა საჭირო ტექნიკით აღჭურვილია.

ამავე თემაზე: