"დანაშაულს სჩადიხართ, გამოსაძიებელია თქვენი მოტივაცია", — ასე მიმართა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიმ მოსამართლეს მას შემდეგ, რაც დაცვის მხარემ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში მიყვანა მოითხოვა.

ბასილაიამ მოსამართლეს ჰკითხა, რატომ არ ითხოვს სასამართლო ბრალდებულის პროცესზე დასწრებას და რა გააკეთეს მათ იმისთვის, რომ პენიტენციური სამსახურის "ფარსი და ცრუ მიზეზი" აღმოფხვრილიყო.

"მე არ ვიცი ამის სანაცვლოდ თქვენ თანხა გადაგიხადეს თუ რამეს შეგპირდნენ, ახლა რასაც აკეთებთ, ქალბატონო ნინო და ქალბატონო მაია, თქვენთან დაკავშირებითაც. ეს არ არის შეურაცხყოფა, თქვენ თქვენს თავს აყენებთ შეურაცხყოფას. თქვენ აყენებთ თქვენს თავს შეურაცხყოფას. პატიმარი აქ არ მოიყვანეთ, თქვენ არ ხართ მოსამართლე, ათი წუთით გარეთ არ გადიხართ, მცდელობა არ გქონიათ. კითხვა მაქვს, ცხვარაშვილის წერილი რომ მიიღეთ, მერე რა გააკეთეთ მიხეილ სააკაშვილის აქ მოსაყვანად? შეურაცხყოფა კიარა, დანაშაულს სჩადიხართ. გამოსაძიებელია თქვენი მოტივაცია", — თქვა ბასილაიამ პროცესზე.

საპასუხოდ, მოსამართლემ განაცხადა, რომ შეურაცხყოფისთვის ეთიკის კომისიას მიმართავს.

სხდომაზე სააკაშვილის დასწრებას ითხოვდა კიდევ ერთი ბრალდებული, გიგი უგულავაც, რომელიც სასამართლო დარბაზიდან გააძევეს.

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე პროკურატურამ შუამდგომლობა დააყენა, რომ პენიტენციური დაწესებულების გადაწყვეტილების გამო, სხდომა ციხეში ჩატარდეს ან სააკაშვილი დისტანციურად ჩართონ.

სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დასასწრებად არ მიიყვანეს. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, ამის მიზეზი სასამართლოში ესკორტირებისას შესაძლო "დესტრუქციული ხასიათის ქმედებაა".

მიხეილ სააკაშვილს გამოძიება ედავება ძალადობით ან იარაღის გამოყენებით, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. კერძოდ, ბრალდება ეხება 7 ნოემბრის აქციის დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.