პარტია დროას დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გადასხმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

"ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმთან, ვახტანგ კალოიანთან კონსულტაციის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება გადასხმასთან დაკავშირებით.

ვისხამ მხოლოდ იმას და მხოლოდ იმდენს, რაც ამარიდებს სიცოცხლისთვის საშიშ გართულებას და არა იმას რაც კომფორტს შემიქმნის.

გთხოვთ, არ ინერვიულოთ, სიცოცხლის პარამეტრებს ვაკონტროლებთ.

განწყობა მაქვს აბსოლუტურად მშვიდი და მტკიცე. როგორც ვთქვი ვიბრძოლებ ბოლომდე. გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში", — წერს ის ფეუსბუქგვერდზე.

მისივე თქმით, თავს აბსოლუტურად ნორმალურად გრძნობს.

"ნიუსებში ფრაზა "სასიცოცხლო პარამეტრები დაბალ ზღვარზეა" საშინლად ჟღერს და არ მინდა ინერვიულოთ.

თავს ვგრძნობ აბსოლუტურად ნორმალურად, ცხადია სისუსტე შემომემატა. ყველა გულის წასვლის ეპიზოდი უკავშირდებოდა სკამიდან ჩქარა ადგომას. ნელა როცა ვდგები, გადასარევად ვარ.

ანალიზებმა აჩვენა რამდენიმე ცვლილება, რაც უკავშირდება თირკმელს და რაღაც ნევროლოგიურს. ეს პარამეტრები დაბალ ზღვარზეა", — ამბობს ის.

ელენე ხოშტარია საკანონმდებლო ორგანოში მე-8 დღეა შიმშილობს. მისი მთავარი მოთხოვნა, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. ექიმის ინფორმაციით, ის იღებს მხოლოდ სითხეს და უარს ამბობს, ვიტამინებსა და სხვა მედიკამენტებზე.