რეჟისორი, ერმალო მაღრაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. აღნიშნულზე ინფორმაცია On.ge-ს კლინიკა ბომონდში დაუდასტურეს.

რეჟისორი კლინიკაში 4 ნოემბრიდან მკურნალობდა, მას ფილტვის ქსოვილის 80% ჰქონდა დაზიანებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. კლინიკა ბომონდის ინფორმაციით, მაღრაძის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანის მომენტიდან მძიმე იყო.

"პაციენტის გადასარჩენად მაქსიმალური გააკეთა კლინიკის გუნდმა, თუმცა სამწუხაროდ, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს და ქვეყანას", — ამბობს კლინიკა ბომონდის კოვიდცენტრის რეანიმაციის მთავარი სპეციალისტი, ირმა მესხი.

ერმალო მაღრაძე 77 წლის იყო, ის არის სცენარისტი და ოპერატორი ისეთი ფილმების, როგორიცაა გზააბნეულნი, აპოკალიფსი არ იქნება, იმედის მწვანე კუნძული, თეა, უცხო, ორფეოსის სიკვდილი და სხვა.