პენიტენციური სამსახური გლდანის ციხის საავადმყოფოს მთავარი ექიმის ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ციხე წითელ ზონად არ გამოცხადებულა. მისივე თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის მომსახურე პერსონალს სააკაშვილთან შეხება არ ჰქონია და სხვა პატიმრებს არ აქვთ კორონავირუსის სიმპტომები.

მანანა ელეფტეროვამ მოუწოდა კოლეგებს, თავი შეიკავონ "სიტუაციის დრამატიზებისგან" პაციენტის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე.

"მიხეილ სააკაშვილზე მიმდინარეობს ინტენსიური სამედიცინო დაკვირვება, უტარდება ყველა საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევა, იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას სხვადასხვა ტელევიზიის მხრიდან, თითქოს ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია და დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ #18 დაწესებულება გამოცხადებულია წითელ ზონად, სრული სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება", — განაცხადა მან.

გარდა ამისა, უწყებამ გაავრცელა მეორე ვიდეოც, სადაც ექიმი დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. თუ წინა განცხადებაში უწყებამ მამალაძის იდენტიფიცირების არიდების მიზნით მხოლოდ მისი ინიციალები ჩაწერა, ვიდეოში ექიმი მის სახელს სრულად ამბობს.

ელეფტეროვა აცხადებს, რომ გიორგი მამალაძის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა, რადგან ის მწოლიარეა და აქვს სხვა მიმდინარე დაავადებები.

"პაციენტი აცრილია ფაიზერის ორი დოზით, მისი დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს. აქვე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ #18 სამკურნალო დაწესებულებაში, ამ ეტაპზე არცერთ პაციენტს არ აქვს რესპირატორული სიმპტომატიკა და მითუმეტეს, არ არის დადგენილი კოვიდინფიცირება", — განაცხადა მან.

დღეს, 14 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც იმავე დაწესებულებაშია, სადაც მიხეილ სააკაშვილი, კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, დეკანოზი იზოლირებული იყო სხვა პატიმრებისა და მნახველებისგან და სავარაუდოა, რომ ვირუსი ციხის თანამშრომელმა გადადო.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვირუსი, შესაძლოა, ციხის დირექტორს ჰქონდეს და დაწესებულება "წითელ ზონად" გამოცხადდეს. სააკაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ამ ფონზე ექსპრეზიდენტის გლდანის ციხეში დატოვება გაცილებით უფრო საშიში იყო და საჭიროა მისი დაუყოვნებლივ გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში.