ევროპარლამენტარები სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი საქართველოს სახალახო დამცველის აპარატს მხარდაჭერას უცხადებენ და აღნიშნავენ, რომ ნინო ლომჯარია და მისი ოფისი მათი სამსახურისთვის ქებას იმსახურებენ. ევროპარლამენტარების თქმით, თავდასხმები მათ წინააღმდეგ შემაშფოთებელია, მიუხედავად იმისა რომელი მხრიდან მოდის ის.

"ქალბატონი ნინო ლომჯარია და მისი ოფისი ქებას იმსახურებენ მათი მუშაობისთვის, შემაშფოთებელია თავდასხმები მათ დამოუკიდებლობაზე, მიუხედავად იმისა ვისგან მოდის ის. ბატონი მიხეილ სააკაშვილის უფლებებსა და მის N18 პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში გადაყვანის გარემოებებთან დაკავშირებით ჩვენ ომბუდსმენის განცხადებები მივიღეთ მხედველობაში. ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვაკვირდებით და ველით, რომ მისი უფლებები დაცული იქნება", — ნათქვამია ევროპარლამენტარების ღია წერილში.

წერილში ისინი, ასევე, აღნიშნავენ, რომ მას შემდეგ, რაც ლომჯარია 2017 წელს თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას შეუდგა, ის მაგალითს ქმნის და ძალისხმევას არ იშურებს ადამიანის უფლებების დასაცავად და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის. მათივე თქმით, ეს პრინციპები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების საფუძველშია.

მიქსერისა და კალიურანდის განცხადებით, ევროკავშირის გრანტებითა და პროექტებით სახალხო დამცველის ინსტიტუტის მხარდაჭერა, მის მნიშვნელობას ადასტურებს.

"საკუთარი მოვალეობების ერთგულად შესრულებით ქალბატონმა ლომჯარიამ და მისმა გუნდმა ქვეყნის ევროპული კურსის შენარჩუნებაში შეიტანეს წვლილი. ისინი ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობენ. უდაოა, რომ საქართველოს დემოკრატიული მომავლის ერთგულებისთვის ისინი ქებას იმსახურებენ და არა კრიტიკას", — ვკითხულობთ წერილში.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ომბუდსმენის მხრიდან კრიტიკული განცხადებების შემდეგ მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ნინო ლომჯარიას ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გამტარებელი არაერთხელ უწოდეს. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ლომჯარიას ენმ-ს ერთ-ერთი რიგითი აქტივისტიც უწოდა.

ამავე თემაზე: