ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, კონსილიუმის საჭიროება აღარ არის. მისი თქმით, გლდანის ციხეს აქვს კონტრაქტი არაერთ სამოქალაქო კლინიკასთან და თუ საჭირო იქნება, ნებისმიერი სპეციალისტის მიწვევას შეძლებს.

"კონსილიუმს, რომელიც შეიქმნა რუსთავის დაწესებულებაში პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მონიტორინგისთვის, იუსტიციიის სამინისტრო მართავდა მთელი ერთი თვის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც მოხდა ამ პაციენტის გადმოყვანა სამედიცინო დაწესებულებაში, კონსილიუმის გარედან მოწვეული ექსპერტების საჭიროება ნამდვილად აღარ დგას.

ამ შემთხვევაში, თავად გლდანის დაწესებულებას აქვს შესაძლელობა და რეალურად დღეს აქვს ხელშეკრულებები მთელ რიგ სამოქალაქო კლინიკებთან, საიდანაც მას შეუძლია, მოიწვიოს ნებისმიერი სპეციალისტი, რომელიც დაჭირდება. კონსილიუმი იმ ფორმატით, როგორც მუშაობდა რუსთავის დაწესებულებისთვის, ჩვენი შეფასებით, ამის საჭიროება დღეს გლდანის სამედიცინო დაწესებულების ფორმატში არ დგას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გლდანის სამედიცინო დაწესებულებას არ შეუძლია მოიწვიოს მეორე აზრი, მოიწვიოს ექსპერტი, შექმნას ადგილზევე კონსილიუმი, თუ ამის საჭიროება იქნება. ეს არის ჩვეულებრივი სამედიცინო პროცესი", – განაცხადა მან.

დღეს, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ გლდანის ციხეში ექსპრეზიდენტთან კონსილიუმს მაშინ შეუშვებენ, როცა ამის საჭიროება დადგება და რეკომენდაციები ენდომებათ.

კონსილიუმის წევრებს ექსპრეზიდენტი რამდენიმე დღეა არ უნახავთ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითოს მიხეილ სააკაშვილს მათთან შეხვედრა არ სურს, რაც მისმა ადვოკატებმა უარყვეს. 14 ნოემბერს შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის პოზიცია კონსილიუმს აცნობეს, ამიტომ ექიმებს იმავე დღეს ელოდებოდნენ. საღამოს კი ცნობილი გახდა, რომ ორსაათიანი ლოდინის შემდეგ კონსილიუმი ციხეში არ შეუშვეს იმ მოტივით, რომ არასამუშაო საათები იყო.

გარდა ამისა, ექსპრეზიდენტი და მისი ადვოკატები მოითხოვენ, სახალხო დამცველის ეგიდით შეიქმნას ახალი კონსილიუმი პარიტეტული მოტივებით, რომელშიც 8 ექიმი სააკაშვილის, 8 კი სახელმწიფოს სურვილით შევა. ომუბდსმენმა განაცხადა, რომ მისი აპარატი ვერ ჩაანაცვლებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვის კონტექსტში და ვერ განსაზღვრავს პაციენტის მკურნალობის ტაქტიკას. ლომჯარია მიიჩნევს, რომ არსებულმა კონსილიუმმა არათუ უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება, უფრო ინტენსიურად უნდა განაგრძოს.