ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გიორგი გრიგოლია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა ციხის საავადმყოფოში მიზანშეწონილი არ არის. გრიგოლია იმ ექსპერტთა ჯგუფის წევრია, რომელიც სახალხო დამცველმა დღეს წარადგინა. შვიდი ექიმი 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში. როგორც გრიგოლია განმარტავს, ამ დროის განმავლობაში მათი ნაწილი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას იკვლევდა, ნაწილი კი დაწესებულების სამედიცინო ინფრასტრუქტურას.

"სააკაშვილი ნამდვილად შიმშილობს — ამას ადასტურებს ყველა, იქ ვინც არის. მდგომარეობა საკმაოდ ... მძიმეა ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან ახლოს არის იმისკენ, რომ რამდენიმე დღეში დამძიმდება, იმიტომ, რომ მის ანალიზებში არის უკვე ისეთი ცვლილებები, რომელიც საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას და ინტენსიურ მკურნალობას.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ეს ინფრასტრუქტურა არის შექმნილი ორი კვირის წინ. არის ინტენსიური თერაპიის პალატა გაკეთებული, საკმაოდ კარგად აღჭურვილი. სტაფი არის გადმოყვანილი რესპუბლიკური საავადმყოფოდან. იქ არის მორიგე ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი და მორიგე ექთანი ყოველ დღე, მაგრამ, უარყოფითი არის ის, რომ ინტენსიური თერაპიის გამოცდილება ამ დაწესებულებას არ აქვს. ადრე ასეთი რამე არ იყო. ისეთი პაციენტი, როგორიც არის დღევანდელ დღეს მიხეილ სააკაშვილი, ის ჯერ არ საჭიროებს რეანიმაციულ ღონისძიებებს. მას სჭირდება ინტენსიური თერაპია [...] ჩემი პირადი აზრი არის, რომ ამ დაწესებულებაში ასეთი პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი", — განაცხადა გრიგოლიამ.

ნინო ლომჯარიას თქმით, ექსპერტთა ჯგუფს მიეცა სრულყოფილი შესაძლებლობა შეესწავლა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროება და ციხის საავადმყოფოში არსებული ვითარება. სახალხო დამცველი ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში მოამზადებენ წერილობით დასკვნას შეხვედრის შესახებ.

ექსპრეიდენტის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით სახალხო დამცველმა ექიმთა კონსილიუმი 17 ნოემბერს წარადგინა. ჯგუფის მიზანია შეაფასოს რამდენად შეესაბამება ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის უფლების დაცვას N18 სამკურნალო დაწესებულება ამჟამად და იქნება თუ არა ამ დაწესებულებაში ადეკვატური სამედიცინო სერვისის მიწოდება შესაძლებელი პატიმრის მიერ ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, როგორც ამას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ითხოვს.

სახალხო დამცველის მიერ შემქნილი ექიმთა კონსილიუმის წევრი არიან:

  • გიორგი გრიგოლია — ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი;
  • გრიგოლი ხურციძე — შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა;
  • გიორგი კაჭარავა — კარდიოლოგი;
  • გიორგი პაპიაშვილი — კარდიოლოგი/არითმიოლოგი;
  • აიდა გოზალოვა — ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი;
  • მამუკა მაჩაიძე — ინფექციონისტი, თერაპევტი;
  • თენგო წულაძე — ნევროლოგი;
  • ნინო ზავრაშვილი — ენდოკრინოლოგი