შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი კიდევ სამმა თანამშრომელმა დატოვა. მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან მუზეუმის დირექტორის თანაშემწე, დავით ნიორაძე გადადგა, მუზეუმიდან წასვლის შესახებ გვანცა ბერძენიშვილმა, გიორგი თოფურიამ და თემურ ქანთარია-ჯაბადარმა განაცხადეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ისინი აცხადებენ, რომ ამჟამინდელი ადმინისტრაციის სამუზეუმო პოლიტიკას არ იზიარებენ. მათი განმარტებით, მუზეუმში ბოლო თვეებში მიმდინარე მოვლენები მათ პროფესიულ ეთიკასთან წინააღმდეგობაშია და თანამშრომლების ახსნა-განმარტების გარეშე ჩამოქვეითება, გაშვება, ასევე, მათ მიმართ უდიერი და არაკოლეგიალური დამოკიდებულება მიუღებელია.

განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ წლების განმავლობაში ეროვნული მუზეუმის უმოქმედობაზე ბრალდებები და განცხადებები მუზეუმის კოლექციებისგან დაცლის შესახებ, უსაფუძვლოა.

"შექმნილ სიტუაციაში, სამწუხაროდ, ჩვენ ვეღარ ვხედავთ ვერც მუზეუმის განვითარების და ვერც ჩვენი პროფესიული ზრდის პერსპექტივას. ამიტომ, მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, დავტოვოთ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კურატორის თანაშემწის პოზიციები", — წერს ის Facebook გვერდზე.

შალვა ამირანაშვილის სახელობის, ხელოვნების მუზეუმის დირექტორის თანაშემწემ, დავით ნიორაძემ თანამდებობა 14 ნოემბერს დატოვა. მიზეზად მან ადმინისტრაციული პოლიტიკა და სამუზეუმო საქმის მიმართ მიდგომა დაასახელა და აღნიშნა, რომ მას კატეგორიულად არ ეთანხმებოდა.

4 ივლისს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის გაძლიერება "რენტაბელური" არ იქნებოდა. ამ სამუზეუმო ფონდში ქვეყნის ეროვნული საგანძურის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ინახება და შენობასაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, ამიტომ განცხადებებს პროტესტი მოჰყვა. რამდენიმედღიანი გაურკვევლობისა და კრიტიკის შემდეგ, სამინისტრომ განაცხადა, რომ შენობის რესტავრაცია იგეგმება. ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი "მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზეა" გადასული და შენობიდან ექსპონატების გატანა დაიწყო.