ბიზნესებისთვის პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა. მათ ფორსმაჟორულ რეჟიმში მოუწიათ ადაპტაციის გზების ძიება და ახალშექმნილ პირობებში საქმიანობის ძველებურად გაგრძელება. თუმცა, რა შეიძლება ითქვას იმ კომპანიებზე, რომლებიც "პანდემიის შვილები" არიან? ბრენდები, რომლებიც ბოლო წელიწადნახევარში დაფუძნდნენ და კრიზისულ სიტუაციასა და სტარტაპობის სირთულესთან გამკლავება ერთდროულად უხდებათ.

"პანდემიამ გავლენა იქონია API-ს დანერგვაზე და ზოგადად, ინდუსტრიაზე", — ჰყვება ქართული სტარტაპის, Theneo-ის წარმომადგენელი, ანა რობაქიძე, — "ჩვენი არაპირდაპირი კონკურენტის Postman-ის მომხმარებლების რაოდენობა 10 მილიონიდან 17 მილიონამდე გაიზარდა. ეს, გარკვეულწილად, იმის დამსახურებაა, რომ პანდემიისას უფრო და უფრო მეტმა კომპანიამ დაიწყო API-ს გასაჯაროება და სხვადასხვა ინტეგრაციაზე მუშაობა. ამ ტრენდიდან გამომდინარე, ჩვენ პროდუქტი არასდროს ყოფილა ისეთი რელევანტური და აქტუალური, როგორიც ახლაა".

Theneo ერთ-ერთია იმ სამი ბრენდიდან, რომელი წლევანდელი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტებს შორისაა ნომინაციაში საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის. ბრენდთან ერთად ამ კატეგორიის პრიზიორობის მოპოვებას Payze და Kvalifika ეცდებიან.

თიბისის ინიციატივით, ბიზნესდაჯილდოება წელს უკვე მეექვსედ იმართება. ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერა კი ამ პრესტიჟული ბიზნესღონისძიების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი მისი შექმნიდანვე იყო.

ფოტო: Analytics Insight

ინოვაციური ტექნოლოგია თანამედროვე კომპანიებისთვის

ფოტო: თიბისი

Theneo სულ რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა, ბრენდის მიერ შექმნილი პლატფორმის ბეტა-ვერსია კი ამ წლის აგვისტოში გაეშვა. კომპანია საკუთარი პროდუქტის მეშვეობით, სხვა ბრენდებს ეხმარება API-ის წარმატებულ დანერგვაში. თენეოში ფიქრობენ, რომ თანამედროვე ბრენდს გამართული API ტექნოლოგია ესაჭიროება, ამიტომ მომხმარებელს "მაღალხარისხიან და ინტერაქციულ პროდუქტს" სთავაზობენ.

"პლატფორმის გაშვების შემდეგ გავხდით საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 100-ათასლარიანი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული", — ამბობს ანა, — "ასევე TBC-ის App Challenge 2021-ის გამარჯვებული და ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი საუკეთესო ინოვაციური სტარტაპის კატეგორიაში. ნოემბრის დასაწყისში სტარტაპი ლისაბონში წარვადგინეთ, ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე, Web Summit-ზე, გაგვიმართლა და შეგვარჩიეს მცირერიცხოვან სტარტაპებს შორის, რომელთაც Startup Showcase-ის ფარგლებში შესაძლებლობა მიეცათ სტარტაპი პოტენციური ინვესტორებისა და კლიენტების წინაშე წარედგინათ".

ამ კონფერენციის გარდა, თენეო TechCrunch-ზეც იყო წარდგენილი, რასაც მოჰყვა დიდი გამოხმაურება და დაფასება ტექნოლოგიური სფეროს ლიდერების მხრიდან. ამჟამად კომპანია ინტენსიური მოლაპარაკებებს აწარმოებს ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებთან, მალევე კი ინვესტიციის pre-seed რაუნდსაც დაასრულებენ.

როგორც უკვე აღნიშნა, ანა, კომპანიის სწრაფი ზრდისა და წარმატების ერთ-ერთ მიზეზად პანდემიურ ფაქტორს ასახელებს.

პანდემიამ ურთიერთობები გააციფრულა, რაც თითოეული ინდივიდისთვის სტრესული აღმოჩნდა, თუმცა, მეორე მხრივ, გაციფრულებულმა ღონისძიებებმა მოგვცა საშუალება, დროის მოკლე პერიოდში ჩვენი პროდუქტი უამრავი ადამიანისთვის გაგვეცნო.

რადგან ყოველწლიურად უამრავი სტარტაპი ჩნდება, თენეოს კი სულ ახალი დაწყებული აქვს საქმიანობა, ბიზნესდაჯილდოების ფინალისტებს შორის მოხვედრა მათთვის მოულოდნელი იყო. საინტერესოა ისიც, რომ ბრენდს შეჯიბრებაში თავის კონკურენტებთან თანამშრომლობაც აკავშირებს.

"ჩვენთან ერთად ფინალისტებს შორის დასახელებული არიან Payze და Kvalifika, ორივე კომპანია ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო საქმეს აკეთებს და ძალიან ვამაყობთ, მათთან ერთად რომ დაგვასახელეს", — აღნიშნავს ანა, — "Payze იყო ერთ-ერთი პირველი ქართული კომპანია, რომელიც თენეოს პარტნიორი გახდა, მას ნდობა გამოუცხადა და ჩვენი პროდუქტის გამოყენება დაიწყო. ეს ამბავი ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა".

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, თენეო საკუთარი პროდუქტის დახვეწაზე ინტენსიურად მუშაობს. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა კონტენტის ავტომატიზაციაზე. ამგვარად, თენეო ინდუსტრიაში ერთადერთი API დოკუმენტაციის ხელსაწყო იქნება, რომელიც ხარისხიანი დოკუმენტაციის გენერირების გარდა, განავითარებს კონტენტის ავტომატიზაციასაც.

"გვჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტი უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს კომპანიის განვითარებაში", — დასძენს ანა, — "პლატფორმის გამოყენება ამჟამად უფასოა, უახლოეს მომავალში ხელმისაწვდომი გახდება ბიზნეს და პრემიუმ პაკეტები. მომავალი წლიდან კი სურვილი გვაქვს, მომხმარებელს კორპორაციული პაკეტიც შევთავაზოთ. ჩვენი გეგმაა, რომ კომპანიის დაარსებიდან ხუთ წელიწადში გვყავდეს ხუთი მილიონი მომხმარებელი და გავხდეთ ლიდერი კომპანია API-ს მენეჯმენტში".

ციფრული სამყაროს პოტენციალის ათვისება

ფოტო: თიბისი

ინოვაცია ამოსავალი წერტილია Payze-სთვისაც, რომელიც 2021 წელს არაერთი კონკურსის გამარჯვებული გახდა. 2019 წელს დაფუძნებული კომპანია, რომელიც ინტერნეტკომერციის სფეროში გასული წლის აგვისტოდან ოპერირებს, უკვე 400-ზე მეტ კლიენტს ემსახურება და მათ ონლაინგადახდის გამარტივებულ, მოქნილ და მძლავრ საშუალებას სთავაზობს.

"უკვე 400 ათასამდე ონლაინგადახდა განხორციელდა ჩვენ მიერ შექმნილი პროდუქტის მეშვეობით", — ამბობს კომპანიის წარმომადგენელი, გეგა წურწუმია, — "ჩვენი კლიენტები, რომელთაც ახალი პროდუქტებიც შევთავაზეთ, შემოსავლის დიდ ზრდას ნახულობენ, თვიდან თვემდე 20-30-პროცენტიანსაც კი. თითქმის დავასრულეთ და დეკემბრიდან გავალთ უზბეკეთის ბაზარზეც. უკვე გვყავს ძლიერი გუნდიც — შარშან ამ დროს თუ მხოლოდ მე და კომპანიის თანადამფუძნებელი ვითავსებდით 22 ადამიანის სამუშაოს, ახლა ისინი უძღვებიან საქმეს. ასევე მოვხვდით ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მსოფლიო პროგრამა Y Combinator-ში, რომელშიც მხოლოდ აპლიკანტების 1,5 პროცენტი ხვდება. მათი დახმარებით გლობალურ ბაზარზე გაფართოების შესაძლებლობებიც მოგვეცა და ბევრი ინვესტორი მოვიზიდეთ".

თენეოს მსგავსად, პანდემიის პერიოდში წამოიწყო საქმიანობა ფეიზიმაც და ამ შემთხვევაშიც ხელშემწყობი როლი ითამაშა ახალშექმნილმა პირობებმა. გეგას თქმით, თუკი ონლაინვაჭრობა აქამდე ფუფუნებას წარმოადგენდა, ახლა, როცა ეს საქმიანობის ძირითად საშუალებად იქცა, ბევრმა დაინახა ელექტრონული კომერციის პოტენციალი. სწორედ ციფრული სამყაროს პოტენციალის სრულად ათვისებაში — შემოსავლების ეფექტურად მართვაში — კომპანიების ხელშეწყობაა ფეიზის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი.

წარმატებული წლის შემდეგ, ბრენდ ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობისასაც დიდი იმედები ჰქონდა. ფინალში მოხვედრის მოლოდინის მიუხედავად, ამ ეტაპზე აღმოჩენა კომპანიისთვის მაინც განსაკუთრებულად სასიხარულო იყო.

უკვე მომავალი წლისთვის კი, ფეიზის ბევრი სიახლე აქვს დაგეგმილი. გარდა იმისა, რომ ამ წლის დეკემბერში კომპანია უზბეკეთში ოპერირებასაც დაიწყებს, მას ქართული ბაზრისთვისაც აქვს ახალი და საინტერესო პროდუქტი განკუთვნილი.

"მომავალი წლისთვის ამბიციური გეგმები გვაქვს", — აღნიშნავს გეგა, — "გაისად, ამ დროს, მინიმუმ ხუთ ქვეყნის არეალში სრულად ოპერირებადი კომპანია ვიქნებით".

უსაფრთხო გარემო ციფრულ სივრცეში

ფოტო: თიბისი

ციფრულ სამყაროს პოტენციალის გარდა, საფრთხეებიც ახლავს თან. უპირველესად ეს უკავშირდება მოქმედი პირების ავთენტიკურობის დადგენას. ამ გამოწვევასთან გამკლავებაში კომპანიებს Kvalifika ეხმარება. ის პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც მომხმარებლების დისტანციურ იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციას უზრუნველყოფს.

"თუკი აქამდე მომხმარებელს სჭირდებოდა ორგანიზაციაში ვიზიტი საკუთარი ვინაობის დასადასტურებლად, ახლა უკვე ამის გაკეთება 2 წუთში, ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია, სადაც აქვს მოწყობილობა ინტერნეტით და კამერით", — ხსნიან კომპანიაში მოქმედების პრინციპს, — "პროცესი ორი ნაწილისგან შედგება, თავდაპირველად მომხმარებელი იღებს სელფის, რომელიც ღრმა ანალიზს გადის AI მეშვეობით და ვიღებთ ბიომეტრიულ მონაცემებს, მეორე ეტაპზე კი ფოტოს უღებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და ვადგენთ მის ავთენტიკურობას".

პირველი კლიენტის ჩართვის შემდეგ, კომპანიას არაერთი გარდამტეხი მომენტი ჰქონდა, რომელმაც კომპანიას მცირეხნიანი საქმიანობის მიუხედავად დიდი გამოცდილება შესძინა. ასეთი იყო, მაგალითად, რეგულატორთან მუშაობა — რათა რეგულირებული ჩარჩო შექმნილიყო და ტექნიკურად დახვეწილიყო. ამ ყველაფერთან ერთად, კვალიფიკამ მონაწილეობა მიიღო ორ საერთაშორისო აქსელერატორში. პროდუქტის დახვეწასა და განვითარებასთან ერთად, გაიზარდა ბრენდის კლიენტების რაოდენობაც. მათ ასევე შეძლეს GITA-ის 650-ათასლარიანი გრანტის მიღებაც. ყველაზე ბოლოს კი, კომპანიამ ბრენდ პულსართან შერწყმა დაასრულა, რომელიც იმავე სერვისს სთავაზობდა ბაზარს.

ეს გვეამაყება ასევე იმიტომ, რომ ქართულ სტარტაპ ეკოსისტემაში და ზოგადად ბიზნესშიც პრაქტიკულად არ არის პარტნიორობების მსგავსი პრეცენდენტები, გვჯერა რომ ეკონომიკის განვითარება მსგავს ინიციატივებზე დგას.

ფეიზისა და თენეოს მსგავსად, კვალიფიკაც პანდემიაში დაბადებული ბრენდია, შესაბამისად, სფეროში მომხდარმა უახლესმა ცვლილებებმა მათაც გზა გაუხსნა საქმიანობის განსავითარებლად.

"ტრანსფორმაციას, რომელიც გამოიწვია შექმნილმა კრიზისულმა პერიოდმა, ვუპასუხეთ შესაბამისად", — აღნიშნავს ბრენდის წარმომადგენელი, გაბრიელ მელივა, — "ონლაინიდენტიფიკაცია უფრო საჭირო გახდა და ბევრმა ბიზნესმა გაიაზრა ეს. რასაც ჩვენ მათ ვთავაზობთ, ეს ერთგვარი ფილიალის როლსაც ასრულებს, რადგან მომხმარებელს ადგილზე ვიზიტი არ სჭირდება".

ბიზნესდაჯილდოების ფინალში მოხვედრის დიდი მოლოდინი კომპანიას არ ჰქონია, თუმცა, ფიქრობდნენ, რომ "შანსები არსებობდა". იმის გამო, რომ კვალიფიკას შექმნილი პროდუქტის კლიენტი, ძირითადად, ბიზნესებია, რიგით მომხმარებელს მათთან უშუალო შეხება ნაკლებად უხდება, ამიტომ, კონკურსში მონაწილეობის ერთ-ერთი მოტივაცია ბრენდის ცნობადობის გაზრდა იყო.

"გვინდოდა, ადამიანებისთვის გაგვეცნო ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც საქართველოში საქმიანობს და დღეში 5 000-ზე მეტ ადამიანს ავერიფიცირებს", — დასძენს გაბრიელი, — "ამასთან, ვფიქრობდით, რომ ამ მიღწევების მათთვის გაცნობა სხვების მოტივაციის გასაზრდელადაც კარგი საშუალება იქნებოდა".

სამომავლოდ, კვალიფიკა ოპერირების არეალის გაფართოებაზე იზრუნებს — ამ მხრივ, ადგილობრივი ბაზრის ათვისებასთან ერთად, მათთვის მნიშვნელოვანია, რეგიონიც მოიცვან.

"მთავარი მიზანი ჩვენთვის გლობალური ზრდაა", — აცხადებს გაბრიელი, — "ამ მიზნისთვის პირველი გეგმა, რაც განსაზღვრული გვაქვს, ინვესტიციის აწევაა. ამ ყველაფერთან ერთად, ცხადია, გვსურს, გავზარდოთ კადრების რაოდენობაც — ადამიანებისა, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში ითანამშრომლებენ ჩვენთან".


ბიზნესდაჯილდოება 2021-ის დაჯილდოების ცერემონია, ტრადიციულად, წლის ბოლოს, დეკემბერში შედგება. პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჟიური გამარჯვებულს ხუთ კატეგორიაში გამოავლენს, თითოეულ მათგანს კი კვლავ ექნება საშუალება, მათი საჭიროებიდან გამომდინარე აირჩიონ სასურველი პრიზი. ჯილდოების ასორტიმენტი კი ისევ მრავალფეროვანია: ახალი ვებგვერდი, ბრენდინგი ან საკომუნიკაციო მხარდაჭერა.