დღეს, 18 ნოემბერს მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი, ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად "ქილერა") პატიმრის წამების ბრალდებით პასუხისგებაში მისცეს.

ბრიფინგზე უწყებამ ჟურნალისტებს აჩვენა კადრები, რომლებიც, მათი თქმით, სამართალდამცავებმა უკრაინაში მეგის ქარდავას დაკავებისას აღმოაჩინეს. პროკურატურაში აცხადებენ, რომ მის საცხოვრებელ ბინაში არაერთი აუდიო და ვიდეო ჩანაწერი იპოვეს, რომლებიც ქართულმა მხარემ გამოითხოვა და დღეს წარმოდგენილი ვიდეო მათგან ერთ-ერთია.

კადრებში სავარაუდო ბრალდებულის სახე დაფარულია და მის გარდა კიდევ ორი ადამიანის ხმა ისმის. პროკურატურა ამბობს, რომ ესენი მეგის ქარდავა და ალექსანდრე მუხაძე არიან. ერთ ეპიზოდში ჩანს კაცი, რომელიც ოთახში გადაადგილდება და ჰგავს მუხაძეს, ასევე, მესამე ადამიანის სახის ნახევარი, რომელიც ჰგავს მეგის ქარდავას. ვიდეოს წარწერის მიხედვით, კადრები 2007 წლის 6 აპრილსაა გადაღებული, თუმცა აქვე არის, სავარაუდოდ, პროკურატურის მინაწერი: "რეალური თარიღი 2011წ". პროკურატურის ინფორმაციით, ვიდეო გლდანის მე-8 დაწესებულებაშია გადაღებული.

ვიდეოში ხმა ბოლომდე აღქმადი არ არის, თუმცა ისმის, რომ ოთახში მყოფ კაცს ჩვენების მიცემას აიძულებენ და ემუქრებიან, ასევე, ეუბნებიან, რომ შეჭამოს მის მიერ დაწერილი ჩვენება. პროკურატურის ინფორმაციით, ეს ადამიანი 2011 წლის მაისში, ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს და მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ მოსთხოვეს არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება, ასევე ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ გაუპატიურებით. ამასთან, უწყება ამბობს, რომ საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად, ამ ადამიანს ნარკოტიკული ნივთიერება დაკავების საფუძვლის შესაქმნელად ჩაუდეს.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ მასალაში არის კიდევ ერთი კადრი, სადაც ადამიანის სახე კვლავ დაფარულია, თუმცა ამჯერად ვიდეოს აწერია 2007.01.01, აქვეა სავარაუდოდ, პროკურატურის მინაწერიც: "რეალური თარიღი 2011წ". კაცი, რომელიც ამ ვიდეოში საუბრობს, ამბობს, რომ არ არის ისეთი კაცი, როგორიც ჰგონიათ, აიღონ ტყვია და ესროლონ.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ სასურველი ჩვენების მიცემაზე უარის მიღების შემდეგ, დაკავებული ჩაიყვანეს ციხის ე.წ. კარანტინში, სადაც აყურებინეს, თუ როგორ ძალადობდნენ სექსუალურად ერთ-ერთი პატიმრის მიმართ, რის შემდეგაც დაზარალებულს დაემუქრნენ, რომ თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მასაც გააუპატიურებდნენ.

"ალექსანდრე მუხაძემ პატიმარს არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ, დაზარალებულმა მეგის ქარდავას მითითებით, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მისი მონაწილეობის აღიარებითი ჩვენება დაწერა. წამების შედეგად მიღებული აღიარებითი ჩვენება ალექსანდრე მუხაძის და მეგის ქარდავასთვის არ აღმოჩნდა საკმარისად ამომწურავი, რის გამოც აღნიშნულმა პირებმა პატიმარი აიძულეს შეეჭამა ის ფურცელი, რომელზეც მისი ჩვენება იყო დაწერილი. სასურველი ჩვენების მისაღებად, იგი შეიყვანეს ერთ-ერთ საკანში, სადაც ნიღბებში გამოწყობილი სხვა პატიმრების გამოყენებით მოუწყვეს სექსუალური ძალადობის ინსცენირება, რომელიც კამერით გადაიღეს", — აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, 2011 წლის მაისიდან 2012 წლის თებერვლის თვემდე დაზარალებული არაერთხელ იქნა დაკითხული და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხდებოდა მისი დაპირისპირება ე.წ. ტერაქტში თითქოსდა მხილებულ სხვა პირებთან.

"ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, სასურველი ჩვენების მისაღებად მეგის ქარდავამ პატიმარს თავზე დაადო პისტოლეტი და ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით დახვრეტის იმიტაცია მოახდინა. ცემის, წამების, სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელების და ფიზიკური შეურაცხყოფის გაგრძელების შიშით, დაზარალებული იძულებული გახდა ხელი მოეწერა მისი მწამებლებისთვის ხელსაყრელი აღიარებითი ჩვენებისთვის", — აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების ინფორმაციით, ალექსანდრე მუხაძის, მეგის ქარდავას და დაწესებულების სხვა თანამშრომლების მხრიდან პატიმარზე განხორციელებული წამების არაერთი ფაქტის გამო, მან თვითმკვლელობა სცადა.

პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ბრალდებულებმა დაზარალებულის წამების შედეგად მისგან მიიღეს ე.წ. ტერაქტში მონაწილეობაზე სასურველი ჩვენება, მაგრამ ასეთი ტერორისტული აქტის არარსებობის გამო, არ დაწყებულა გამოძიება და პატიმრის მიმართ ტერაქტში მონაწილეობაზე სისხლისსამართლებრივი დევნა.

მათი ინფორმაციით, ამ პატიმარმა სასჯელაღსრულების დაწესებულება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წელს დატოვა.

უწყებაში ამბობენ, რომ ალექსანდრე მუხაძე თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, ამიტომ მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც წამებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.