სახალხო დამცველის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმების ჯგუფი და სახელმწიფოს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები ხვდებიან. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი შევა.

"პარალელურად მიმდინარეობს სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის წევრების შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან. მიხეილ სააკაშვილის მონახულების სურვილი გამოთქვეს კონსილიუმის ექიმებმაც", — წერია განცხადებაში.

ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ მე-18 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილი ოთახიდან გასვლისას "მოსხლეტით წაიქცა და გადააწვინეს საწოლზე", ამასთან მან თქვა, რომ ხელით გაუხსნეს თვალები. ამის შემდეგ პენიტენციურმა გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.

გუშინ 17 ნოემბერს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმების ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნა გამოაქვეყნა. მათი შეფასებით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ, დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. ექიმების დასკვნის მიხედვით, ამ პირობებს მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.