ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ხვალ, 18 ნოემბერს დაგეგმილი 3 მსვლელობა უქმდება. ამის ნაცვლად ის მოქალაქეებს 15:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ახლა როგორც არასდროს საჭიროა სრული მობილიზაცია. მათ, ვინც თბილისში რეგიონებიდან აპირებს ჩამოსვლას, მელიამ მოუწოდა, რომ თბილად ჩაიცვან და მოემზადონ სამართლიანი, არაძალადობრივი ბრძოლისთვის.

"ხვალ ყველას, ვისაც სჯერა, რომ შიმშილობა შიმშილობაა და არა დიეტა; ვისაც სჯერა, რომ ამ ყველაფერში თავიდან ბოლომდე ჩართულია რუსეთის სპეცსამსახურები; ვისაც სჯერა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს არ უნდა კლავდნენ; ვისაც სჯერა, რომ ქვეყნის თავისუფლება და ღირსება არის ძალიან სერიოზული საფრთხის ქვეშ, გელოდებით სამ საათზე რესპუბლიკის მოედანზე", — განაცხადა მან ბრიფინგზე.

ის მოუწოდებს მოქალაქეებს, გადადონ ყველა საქმე და არ დაუშვან ექსპრეზიდენტისა და სახელმწიფოს მკვლელობა. მისივე თქმით, რესპუბლიკის მოედანზე კონკრეტული გეგმით შეიკრიბებიან, რომელსაც ხვალ გააჟღერებენ.

"ყველას კიდევ ერთხელ გთხოვდით — გადავდოთ დაგეგმილი საქმიანობა, რაც გვინდა რომ წარვმართოთ, საოფისე თუ საოჯახო და ყველანი უნდა გამოვიდეთ რესპუბლიკის მოედანზე, არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილისთვის — მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა არის სახელმწიფოს მკვლელობა მრავალი წლით და ეს უნდა გავიაზროთ, გავაცნობიეროთ. ამიტომ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თანატოლებო, ახალგაზრდებო, უფროსი თაობის წარმომადგენლებო, მიუხედავად იმისა, რომ ხვალ არის სამუშაო დღე, მთავარი სამუშაო ადგილი, მთავარი სამსახური არის ხვალ, სამ საათზე რესპუბლიკის მოედანზე", — განაცხადა მან.

მელიამ მოუწოდა ხელისუფლებას, თუ "საღი აზრი ან ჭკუა შერჩათ", ხვალ სამ საათამდე სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში.

"რახან თქვენ ამას არ აკეთებთ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ თქვენ მიხეილ სააკაშვილი ვერ მოკლათ; რომ ამ რეჟიმისგან ეს სახელმწიფო გათავისუფლდეს და არცერთი ადამიანი აღარ იყოს დატყვევებული", — განაცხადა მან.

4 ოპოზიციურ პარტიას პარასკევს, 15:00 საათზე სამი ლოკაციიდან აქცია-მსვლელობა ჰქონდა დაგეგმილი. მელიას ბრიფიგნი მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც ცნობილი გახდა, რომ ექსპრეზიდენტი ცუდად გახდა.

ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ მე-18 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილი ოთახიდან გასვლისას "მოსხლეტით წაიქცა და საწოლზე გადააწვინეს". მისივე თქმით, ექსპრეზიდენტს თვალები ხელით გაუხსნეს. ამის შემდეგ პენიტენციურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამტკიცებდა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და ამაზე ექიმი რეანიმატოლოგი გააკეთებდა კომენტარს. რეანიმატოლოგმა კი თქვა, რომ ექსპრეზიდენტმა მცირე ხნით გონება დაკარგა და ახლა რეანიმაციაშია, "აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში". მოგვიანებით სააკაშვილი ადვოკატმა მოინახულა. როგორც ნიკა გვარამიამ განაცხადა, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.