რამდენიმე კვირის წინ გაეროს მსოფლიო საკვების პროგრამის (WFP) აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ილონ მასკის ქონების მცირე პროცენტიც კი საკმარისი იქნებოდა, რათა გლობალური შიმშილის პრობლემა გადაგვეჭრა.

ამან სოციალურ მედიების მომხმარებლებს შორის პოლემიკა მალევე წამოჭრა, თუმცა მასკმა გაეროს მსოფლიო საკვების პროგრამას პასუხი სწრაფადვე დაუბრუნა და უთხრა, რომ თუ ისინი მიაწვდიდნენ კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ უშველიდა მისი ქონების მცირე ნაჭილი მსოფლიო შიმშილს, ის ამ თანხას გაიღებდა.

მასკის ამ პასუხის შემდეგ გაეროს წარმომადგფენლება მასკს შეხვედრაც შესთავაზეს და დაჰპირდნენ, რომ გეგმასა და ხარჯთაღრიცხვას გააცნობდნენ.

ეს ყველაფერი ორ ნოემბერს მოხდა, დღეს კი გაერომ მსოფლიოსა და მასკს ის გეგმა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც მასკის 6 მილიარდი უნდა დაიხარჯოს.

WFP-მ გეგმა თავის საიტზე განათავსა. როგორც ირკვევა, 3.5 მილიარდი დოლარი, ანუ მთელი ჩარიცხული თანხის ნახევარზე მეტი საკვების შეძენასა და მის დისტრიბუციას მოხმარდება. WFP გეგმავს გამოიყენოს ტრანსორტის სხვადასხვა ნაირსახეობა, რათა საკვები მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად მოხვდეს საჭირო ადამიანებთან.

2 მილიარდი დოლარი საკვებისა და ქეშის ვაუჩერებისთვის გამოიყოფა, რომელიც იმ არეალში დარიგდება, სადაც სასურსათო მარკეტები ჯერ კიდევ მოიპოვება. WFP-ს თქმით, ეს არამხოლოდ ადამიანებს, არამედ ადგილობრივ მცირე ბიზნესებსაც დაეხმარება.

მომდევნო 700 მილიონი იმ შენობებსა და საჭირო დაწესებულებების შექმნაზე დაიხარჯება, რომლებიც ამ შემოწირულობის დისტრიბუციას გააკონტროლებს. დამატებით 400 მილიონი იმ ადამიანებზე გაიცემა, რომლებიც პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ოპერაციებსა და გადახდებს დააკვირდება.

WFP-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, დევი ბისლიმ სიახლე ტვიტერზეც გააზიარა და მასკიც მონიშნა.

ამავე ტვიტის ქვეშ ბისლიმ დაასახელა ის 5 ქვეყანა, სადაც ჩასარიცხი თანხის 50%-ზე მეტი გაიგზავნება. ბისლის თქმით, მსოფლიო საკვების პროგრამა ეთანხმება ილონ მასკს და საკითხს სერიოზულად უდგება. მისი თქმით, ყველანაირი ხარჯი იქნება ღია და საჯარო.

მასკმა უკვე გაყიდა ტესლას გარკვეული წილი და შეიძლება ითქვას, რომ ფული ხელთ აქვს, მაგრამ იქნება თუ არა ეს საკმარისი, საკითხავი სწორედ ეს არის.

ბიზნესმენს და მით უმეტეს, ისეთ ბიზნესმენს როგორიც ილონ მასკია, ასე მარტივად, ალბათ, ვერ დაითანხმებენ. განსაკუთრებით მაშინ, როცა გაეროს მიერ წარდგენილი გეგმა პრობლემის აღმოფხვრის რეალურ გზებს საერთოდ არ გვთავაზობს.

WFP-სა და მისი დირექტორის პირველი ტვიტებიდან ისე იკითხებოდა თითქოს მასკისა და ბეზოსის ქონების მცირე ნაწილიც საკმარისი იქნებოდა მსოფლიო პრობლემის გადასაჭრელად. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამისთვის თურმე ამერიკის TOP 400 მილიარდერის ფულია საჭირო. დღეს წარდგენილი 6.6-მილიარდიანი გეგმით კი ირკვევა, რომ მიზანი ამ ადამიანების გარკვეული პერიოდით დაპურებაა და არაფერი გრძელვადიანი.

გაეროს კონტრიბუცია ამ საქმეში მხოლოდ თანხის დათვლა აღმოჩნდა, მასკისგან კი 6.6 მილიარდს ითხოვენ. ის, რომ ეს ფული შიმშილის პრობლემას გადაჭრის სიცრუეა, რადგან WFP-მ ეს ხარჯები 1 წელიწადში 42 მილიონი ადამიანის გამოსაკვებად დათვალა. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ მოშიმშილე ადამიანზე დღეში $0.42 იქნება გამოყოფილი.

საინტერესოა, რა იქნება მასკის პასუხი. როგორც მან ადრე აღნიშნა, ის ფულს პრობლემის რეალურ გადაწყვეტაში ჩადებდა. რამდენად შეაფასებს მასკი ამ გეგმას პრობლემის გადამჭრელ გეგმად, ამას დრო გვიჩვენებს.