ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე ხელისუფლებას სთხოვს, ნუ შეაფერხებენ მის შესვლას ციხის საავადმყოფოში. ხერხეულიძე ამბობს, რომ რაც მალე შეძლებს მიხეილ სააკაშვილთან საუბარს, მით მალე გავიგებთ ექსპრეზიდენტის აზრს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლაზე.

"ძალიან ცუდად იქცევა ადმინისტრაცია, როდესაც აყოვნებს ჩემ იქ შესვლას. იმიტომ, რომ ყოველი წუთი მნიშვნელოვანია. ყოველი დროის პატარა მონაკვეთი მისი მდგომაროებიდან გამომდინარე არის საგანგაშო და მნიშვნელოვანი. რაც მალე მიიღებს მიხეილ სააკაშვილი გადასვლის შესახებ გადაწყვეტილებას, ეს იქნება მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის გახანგრძლივების შესაძლებლობა. ამიტომ, ძალიან ვთხოვ ხელისუფლებას, ეყოს გონიერება, ნუღარ შეაფერხებენ ჩემს აქ მოცდას, იმიტომ, რომ რაც მალე შევალ მე, მით მალე გადაწყდება ეს საკითხი და მალე გვეცოდინება მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება გადასვლასთან დაკავშირებით", — განაცხადა ხერხეულიძემ.

ხერხეულიძე ამბობს, რომ რუსთავის ციხიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოტყუებით გადაიყვანეს გამო "არსებობს უნდობლობა". სწორედ ამიტომ, ექსპრეზიდენტის მოთხოვნაა, მისი გადაყვანის პროცესს ესწრებოდნენ მისი ადვოკატები, პირადი ექიმი და პარტიის წარმომადგენელი.

"არცერთ შემთხვევაში თავისი ნებით მიხეილ სააკაშვილი აქედან არ გადავა, სანამ მისი პოზიცია არ იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის. იმ საზოგადოებისთვის, რომელიც იცდის რუსთაველზე და არ აპირებს დაშლას, სანამ მისი პოზიცია არ იქნება ცხადი და ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შიმშილობენ", — ამბობს ხერხეულიძე.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი მტკიცებით, გორის ჰოსპიტალი არის ადგილი, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული. ჟურნალისტების კითხვას, როდის და როგორ გადაიყვანენ სააკაშვილს, ბრეგაძე პასუხობს, რომ ეს პროცედურა დაიგეგმება ექიმებთან და უსაფრთხოების თანამშრომლებთან ერთად, როდესაც მის მიერ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ იგი თანახმაა, გადავიდეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში და შეწყვიტოს შიმშილობა.