ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, ბრძოლა ისეთივე არაძალადობრივი და მწვავე მეთოდებით გაგრძელდება. მისივე თქმით, მთავარი თავგადასავალი არის წინ და სანამ სააკაშვილი არ იქნება დახსნილი უკანონო პატიმრობიდან და სანამ ქართულ ოცნებას "სახელმწიფო ექნება მიტაცებული" ბრძოლას არ შეაჩერებენ.

როგორც მელიამ განაცხადა, სამოქმედო გეგმას მომდევნო დღეებში გააცნობს საზოგადოებას. მან მოუწოდა აქციაზე შეკრებილებს, დაიშალონ, რადგან ხელისუფლებას არ ჰქონდეს შესაძლებლობა თქვას, რომ ხალხი ისევ ქუჩაშია და უსაფრთხოების ნორმების გამო სააკაშვილის გადაყვანას ვერ შეძლებენ.

"რომ არა თქვენ, თქვენი არაძალადობრივი პროტესტი, ის არაერთი ძალიან სახიფათო დღე, როცა ხაფანგი და მახე გვქონდა თითოეულ ჩვენგანს დაგებული და არ წამოვეგეთ ხელისუფლების ორგანიზებულ პროვოკაციას, დღევანდელი დღე ისე არ დასრულდებოდა და მიხეილ სააკაშვილს არ მიეცემოდა შესაძლებლობა, შეეწყვიტა შიმშილობა. ამიტომ, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. ბედნიერები ვართ ადამიანურად, ვიცით რა, რომ არ ემუქრება სიკვდილი მიხეილ სააკაშვილს, ელენე ხოშტარიას, ჩვენს მეგობრებს, დეპუტატებს და ბევრ კიდევ სხვა ადამიანს, რომელიც შიმშილობდა", — განაცხადა მან.

მელიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან არანაირ აქციას არ გამართავენ და თუ ვინმე ამას გააკეთებს, ეს იქნება პროვოკაცია.

"მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის არცერთი მხარდამჭერი გორის ჰოსპიტალთან საპროტესტო აქციას არ გამართავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსთაველის გამზირი და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქი იქნება ცარიელი", — განაცხადა მან.

სააკაშვილი 50 დღე შიმშილობდა. ადვოკატები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ომბუდსმენი, მხარდამჭერები, საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებდნენ მთავრობას, ექსპრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში გადაეყვანა, თუმცა ამის ნაცვლად ის ძალის გამოყენებით გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის გამო, პროტესტის ნიშნად, სააკაშვილმა სამედიცინო მომსახურებაზე უარი თქვა და მისი მდგომარეობა დამძიმდა, რის შემდეგაც მოწოდებები გადაყვანაზე გახშირდა, თუმცა ხელისუფლება უარზე იყო.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ხოლო სახელმწიფოს მის ჯანმრთელობაზე ინფორმაციის მიწოდებისა და შიმშილობის მერე ადეკვატური მკურნალობა დაავალა, ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. პასუხად იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მოხარული იქნებიან თუ არ იშიმშილებს, მაგრამ დათქმების გარეშე.

დღეს, 19 ნოემბერს კი იუსტიციის სამინისტრომ მას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რასაც ექსპრეზიდენტი დათანხმდა და განაცხადა, რომ განთავსებისთანავე შიმშლობას შეწყვეტს.