პარტია საქართველოსთვის პოლიტიკური მდივნის, კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც პარტიას გადამწყვეტი ხმა აქვს, საკრებულოს თავმჯდომარეებად საკუთარ კანდიდატებს წარადგენს. მისივე თქმით, ამ კონფიგურაციაში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წევრებს, მოადგილეებად ხედავს.

"იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც პარტია საქართველოსთვის წარმოდგენილია გადამწყვეტი ხმის მქონე კანდიდატებით, ჩვენ ვაყენებთ ჩვენს კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციებზე. ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ ამ კონფიგურაციაში ორივე — როგორც "ოცნება", ისე ნაციონალური მოძრაობა, პირველ და მეორე ადგილზე გასული პარტიები დაუჭერენ ჩვენს კანდიდატებს ხმას და თავად ამ პარტიის წარმომადგენლები იქნებიან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები", — განაცხადა ქემოკლიძემ.

გარდა ამისა, ქემოკლიძემ ქართულ ოცნებას მოუწოდა, არ დაამტკიცოს საკრებულოების მომავალი წლის ბიუჯეტი იქამდე, სანამ განახლებული შემადგენლობა არ შეიკრიბება.

"როდესაც თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენმა მოქალაქეებმა გადაწყვიტეს ხმა მიეცათ ჩვენი პარტიისთვის, ეს პირდაპირ მიანიშნებდა იმას, რომ მათთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი — ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს სწორედაც ახალი საკრებულოების და არა ერთპიროვნულად "ოცნების" მიერ. მივმართავთ ოცნებას, არ გააგრძელოს პოლიტიკური თაღლითობა და არ გაბედოს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცება ახალი საკრებულოების შეკრებამდე", — განაცხადა ქემოკლიძემ.

აღსანიშნავია, რომ როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდეგ, გახარიას პარტიამ არაერთხელ აღნიშნა, რომ არ აპირებდა თანამშრომლობას არც ქართულ ოცნებასთან, არც ნაციონალურ მოძრაობასთან.

ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, სადაც გახარიას პარტიას გადამწყვეტი ხმა აქვს ბათუმის საკრებულოა. არჩევნების შემდეგ, ქართულ ოცნებას და ენმ-სა და ლელოს ერთად თანაბარი ხმები ჰქონდათ. ამის შემდეგ, გახარიას პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი თავდგირიძემ, პარტია დატოვა. გადადგომის შემდეგ, თავდგირიძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია თანამშრომლობა ენმ-სა და ლელოსთან. ამის მიუხედავად, გახარიას პარტიას ბათუმის საკრებულოში კვლავ გადამწყვეტი ხმა აქვს.