მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ გაიფანტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ "ცირკულირებული სპეკულაციები" და ოპოზიციურ პარტიებს მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ მთავარ საკითხებზე კონცენტრაციის, უმჯობესი იქნება, თუ მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფი იმუშავებს. ამის შესახებ ის ახალ წერილში წერს, რომლის სრულ ვერსიასაც მთავარი არხი ავრცელებს.

"რათა გავფანტოთ სუს-ის მიერ ცირკულირებული სპეკულაციები, ასევე მანევრირებისთვის მეტი სივრცე და მთავარ საკითხზე კონცენტრაციის მეტი შესაძლებლობა დავუტოვოთ ოპოზიციურ პარტიებს, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, ჩემს გათავისუფლების კამპანიაზე იმუშაოს საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც, ერთი მხრივ, გაითვალისწინებს ოპოზიციის გენერალურ პოლიტიკური ხაზს და, მეორე მხრივ, კოორდინაციას გაუწევს მიმდინარე კამპანიას.

მისივე თქმით, მოსახლეობას შეახსენებს, რომ საკუთარ თავს მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში არ ხედავს.

"ჩემი მძევლად აყვანით და ხალხთან ურთიერთობის აკრძალვით, ივანიშვილი, ვფიქრობ, არამხოლოდ ჩემზე იძიებს შურს, არამედ მნიშვნელოვნად აფერხებს ახალი, კოალიციური მთავრობის შექმნას ვადამდელი არჩევნების გზით. ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ", — წერს ის.

გარდა ამისა, სააკაშვილი წერს, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის "სასამართლოში" სამართლის პოვნის შანსი "ნულოვანია. ექსპრეზიდენტის განცხადებით, ივანიშვილს რომ მართლა სურდეს სამართლიანობის აღდგენის მოტივით მისი გასამართლება, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს შესახებ შეთავაზებას დათანხმდებოდა.

"კვლავ ვიმეორებ ამ შეთავაზებას და ვაცხადებ, რომ მე, ივანიშვილისგან განსხვავებით, არ მეშინია თავისუფლად და საჯაროდ წარვსდგე სამართლიანი სასამართლოს წინაშე და ქართველი ხალხის თვალწინ დავიცვა ჩემი სიმართლე და გავიმარჯვო. მიუხედავად ამისა, უსამართლო სასამართლოს უფლება მაინც მომცენ და დამასწრონ ჩემს პროცესებს, სადაც დაველაპარაკები ქართველ ხალხს და არა ივანიშვილს და მის მარიონეტებს.

სავსებით ნათელია, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ქმედითი მეთოდი მასობრივი მშვიდობიანი აქციებია. რაც უფრო გამბედავები და დაუღალავები ვიქნებით, მით უფრო მივუახლოვდებით ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებას, რაც მოიტანს არამხოლოდ ჩემს, არამედ ყველა უკანონოდ დევნილის თავისუფლებას", — ამბობს სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტის თქმით, შემდეგი კვირები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ შეძლებენ კონსოლიდაციას, პოლიტიკური მუხტის შენარჩუნებას, მრავალრიცხოვნებას, პრინციპულ და თავგადადებულ ბრძოლას, ყველაფერს მიაღწევენ და "სამშვიდობოს" გავლენ.

"ჩაერთეთ ყველანი. ვინც ვერ ახერხებს გამოსვლას, საკვებით დაეხმარეთ დემონსტრანტებს. ახლა, ნებისმიერ პაუზას, ივანიშვილი გააფორმებს უკან დახევად და დამარცხებად, რაც ფიზიკურად მომაკვდინებელია ჩემთვის და ისტორიულად მომაკვდინებელია ჩვენი სამშობლოსთვის. ამიტომ, არც ერთი ნაბიჯი უკან და აქტიურობა, აქტიურობა და აქტიურობა", — წერს ის.

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მე-6 დღეა იმყოფება. იქ გადაყვანა იუსტიციის სამინისტრომ 19 ნოემბერს შესთავაზა, რასაც ექსპრეზიდენტი დათანხმდა და შიმშილობა შეწყვიტა.