დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უვადო მწვანე პასპორტი, შესაძლოა, მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის იქნება. მისი თქმით, უცხო ქვეყანაში წასვლის შემთხვევაში, QR კოდით, რომელიც პასპორტს აქვს, ითვლება მხოლოდ ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი კორონავირუსი.

"ამ ეტაპზე დღეს როგორი გადაწყვეტილებაც არის, არის ორნაირი მწვანე პასპორტი, ერთი შიდა მოხმარებისთვის, ამ ეტაპზე, სადაც არის აღნუსხული, რომ თუ მას გადატანილი აქვს, ის ჩაითვლება ამ პასპორტის მიხედვით, რომ მას გადატანილი აქვს და შეიძლება მისი შესვლა სხვადასხვა დაწესებულებაში.

მაგრამ მოგეხსენებათ, საერთაშორისო მასშტაბით, იქ იმ QR კოდში, რომელიც თქვენ საზღვარზე გიმოწმდებათ, იქ ცოტა სხვა საკითხია. იქ ითვლება ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი. ამიტომ აქ მიმდინარეობს ახლა ამაზე მსჯელობა, შესაძლებელია, დაშვებული იქნეს ორი ვარიანტი, ორი მწვანე ე.წ. საბუთი ანუ რომელსაც ექნება შიდა მოხმარება და მხოლოდ გარე მგზავრობისთვის, იქ, რა თქმა უნდა, ჩვენი QR კოდი უნდა იქნეს ჰარმონიზებული", — აცხადებს ის.

პირველი დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტები ამოქმედდება. ეს მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისა და ტურისტებისთვის. პირს მწვანე სტატუსი აქვს თუ:

  • ვაქცინირებულია სრულად;
  • ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;
  • ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;
  • გადატანილი აქვს კორონავირუსი.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კორონავირუსის გადატანის შემდეგ, ადამიანს მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, უვადო მწვანე სტატუსზე საუბარი წარმოუდგენელია. მისი თქმით, კორონავირუსი არ არის წითელა, რომელსაც გადაიტან და მისგან მთელი ცხოვრება თავისუფალი იქნები.