ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო განსაკუთრებულია და სწორედ ამის გამო გვაქვს ორი მწვანე პასპორტი. ტიკარაძემ აღნიშნა, რომ უვადოდ მწვანე სტატუსი არ არის ცუდი გადაწყვეტილება.

"ზოგადად საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში მეორე არსად არ არის და ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე, ასევე განსაკუთრებულები ვართ ორი მწვანე პასპორტით, უვადო პასპორტით და ეს ყველაფერი გამომდინარეობს ალბათ ჩვენი გენეტიკიდან და ჩვენი ხასიათიდან. ჩვენ თითოეული მათგანი ვართ ქართველი და არა მგონია, რომ ვინმეს ეს უკვირდეს", — ამბობს ტიკარაძე.

ტიკარაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოება ეტაპობრივად შეეგუოს ცვლილებებს, მით უფრო, "დაძაბული სოციალური, ეკონომიკური და პანდემიური ფონის პირობებში". როგორც მინისტრი განმარტავს, ერთი პასპორტის გამოყენება შეიძლება საქართველოში, მეორე კი საზღვარგარეთ.

"მე პირადად ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოება ეტაპობრივად შეეგუოს იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს და თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაცილებით უფრო მარტივია, გაყვეს გარკვეულ წესებს, საქართველოში ეს რატომღაც დღემდე კიდევ უფრო რთულია. აქედან გამომდინარე, იმ დაძაბული სოციალური, ეკონომიკური და პანდემიური ფონის პირობებში, ალბათ, არ არის ცუდი გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მოქალაქეებს მეტი მოქნილობა ექნებათ. საქართველოში გარკვეულ დაწესებულებებში იმოქმედებს უვადო პასპორტი, თუმცა ევროპაში და მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში ჩვენ დაგვჭირდება გამოვიყენოთ ის ბაზა, რომელსაც საქართველო წარმატებით დაუერთდა და იქ ამ პასპორტის ვარგისიანობის ვადა არის 6 თვე", — ამბობს ტიკარაძე.

პირველი დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტები ამოქმედდება. ეს მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისა და ტურისტებისთვის. პირს მწვანე სტატუსი აქვს თუ:

  • ვაქცინირებულია სრულად;
  • ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;
  • ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;
  • გადატანილი აქვს კორონავირუსი.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კორონავირუსის გადატანის შემდეგ, ადამიანს მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად.