NBC-მ თავისი პოპულარული სერიალის, This Is Us-ის ბოლო, მეექვსე სეზონის პირველი ტრეილერი გაავრცელა. სერიალის ფანებს, როგორც ჩანს, წინ ბევრი გულის ამაჩუყებელი და ნოსტალგიური მომენტი ელოდებათ. რადგან ამ სეზონით სერიალი მთავრდება, სიმბოლურია, რომ აქ მთავარი თემა მოგონებები და მათი მნიშვნელობა იქნება. ამასთან, ტრეილერში ბევრ ნაცნობ სახესაც ვხედავთ, რომლებიც, როგორც ჩანს, ბოლო სეზონში დაბრუნდებიან.

"სანამ დაღამდება, ყოველთვის არსებობს იმის შანსი, რომ ეს დღე სხვა რამით დაგამახსოვრდეს", — ეუბნება ტრეილერში რებეკა ჯეკს.

This Is Us, რომელიც 2016 წელს გამოვიდა, NBC-ის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და ყურებად სერიალად იქცა. 2019 წელს ცნობილი გახდა, რომ სერიალი მეექვსე სეზონით დამთავრდებოდა და შემოქმედებით ჯგუფს ეს დიდი ხანია, გადაწყვეტილი ჰქონდა.

მეექვსე სეზონის პრემიერა 2022 წლის 4 იანვარს შედგება და ის 18 სერიას მოიცავს.