ცენტრ ემპათიას ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობა მას სასამართლო სხდომაზე მონაწილეობაში ხელს არ შეუშლის. ამის შესახებ მან ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ისაუბრა.

"ჩვენი აზრით, ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლო პროცესზე წასვლას ხელს არ შეუშლის. პაციენტი, რა თქმა უნდა, კიდევ საჭიროებს მკურნალობას და რეაბილიტაციას, ჩვენ მკურნალობის თაობაზე კიდევ შევჯერდებით, ჩვენი რეკომენდაციები გვაქვს, თუმცა ეს მდგომარეობა მას ხელს არ შეუშლის სასამართლო პროცესზე წასვლაში", — განაცხადა მან.

მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა მხარდამჭერებს 29 ნოემბერს, თავისი სასამართლო პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებისკენ მოუწოდა, მისი ადვოკატები ხელისუფლებას მიმართავენ და აცხადებენ, რომ აქცია ექსპრეზიდენტის პროცესზე მიყვანაზე უარის თქმის საფუძველი არ უნდა გახდეს.

29 ნოემბერს სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება, თუმცა უცნობია, დაესწრება თუ არა ის საკუთარ პროცესს. 22 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ვინაიდან ექსპრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა, გამოირიცხა ერთი ფაქტორი, რომლის გამოც ის სასამართლოში არ მიჰყავდათ. მისივე თქმით, ექიმების შესაბამისი დასკვნის შემთხვევაში, შესაძლოა, შემდგომ სასამართლო პროცესზე დარბაზში მიიყვანონ.

ბრეგაძის მტკიცებით, სხდომაზე არ მიყვანას 2 მთავარი ფაქტორი ჰქონდა: უსაფრთხოება და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების რისკი. ის ვრცლად საუბრობს მეორეზე, თუმცა დეტალურად არ განიხილავს პირველს — უსაფრთხოებას.