ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ვალდებულება აღარ არსებობს, ამ გადაწყვეტილების მიღება მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და ბევრი რამ იქნება დამოკიდებული კონკრეტული სუბიექტების მოქმედებაზე.

"რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ვალდებულება აღარ არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ ანულირებულია ის შეთანხმება, რომელშიც იყო გაწერილი 2%-იანი ბარიერის ამოქმედება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის. აქედან გამომდინარე, თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული ჩვენი კეთილი ნების საფუძველზე. მთავარი ამოსავალი წერტილი ჩვენთვის იქნება, რა თქმა უნდა, დემოკრატიული სისტემის განვითარების ინტერესი. დარჩება 5%-იანი ბარიერი, ამოქმედდება 2%-იანი ბარიერი, გადაწყდება 3%-იანი ბარიერი, თუ ა.შ. ნებისმიერი თეორიული ვერსია რომ განვიხილოთ, თითოეული ეს გადაწყვეტილება მიიღება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ რა ჩაითვლება მიზანშეწონილად ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მოკლევადიანი პერსპექტივისთვის.

ზუსტად ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ იმაზე, რომ ბევრი რამ იქნება კონკრეტული სუბიექტების მოქმედებაზე დამოკიდებული და ამ სუბიექტებში, პირველ რიგში, იგულისხმება, რა თქმა უნდა, ოპოზიციური პარტიები. განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, საუბარია იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც დღეს კვლავაც ხელს უწყობენ პოლარიზაციას პარლამენტს გარეთ, თუ პარლამენტს შიგნით. რა თქმა უნდა, მათი მოქმედება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, თუ დავინახავთ, რომ მათ პროცესები მიჰყავთ არა პოლარიზაციისკენ, რასაც დღეს ვერ ვხედავთ", — განაცხადა მან რუსთავი 2-ის ეთერში.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 30 ნოემბერს განაცხადა, რომ 2%-იანი საარჩევნო ბარიერი მათ "კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული". მან, ასევე, აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების არავითარი აუცილებლობა არ არსებობს.

შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე შემუშავებული კანონპროექტი გულისხმობდა, საკონსტიტუციო ცვლილებებს საარჩევნო ბარიერზე, ფრაქციების შექმნასა და გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებას. პროექტის მიხევდით, მომავალ ორ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი ბუნებრივსა და 2%-ს შორის უნდა ყოფილიყო, ხოლო ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი უნდა ყოფილიყო მინიმუმ 4 წევრი, მათ შორის, მაჟორიტარები.

ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ კეთილსინდისიერად, რაც არასწორია. მათი აზრით, 100 დღეში თავი ამოწურა დოკუმენტმა, რომლის გამოც შარლ მიშელი და კრისტიან დანიელსონი საქართველოს არაერთხელ ეწვივნენ და რომლის მიღებაშიც არაერთი ქვეყნის ელჩი იყო ჩართული.

მიშელის დოკუმენტში ასევე გათვალისწინებული იყო, რომ თუ ქართული ოცნება არჩევნებზე 43%-იან ბარიერს ვერ გადალახავდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა დანიშნულიყო.