რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის წინ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი კრემლს აფრთხილებს, უარი თქვას უკრაინის დესტაბილიზაციის მცდელობებზე და აცხადებს, რომ რუსეთის ნებისმიერი სამხედრო ქმედება კრემლისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება.

"ჩვენ არ ვიცით, პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო თუ არა. ჩვენ ვიცით, რომ ის ამის შესაძლებლობას ამზადებს. გაურკვევლობის მიუხედავად, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველა შემთხვევისთვის", — აღნიშნავს ბლინკენი.

მისივე თქმით, მსოფლიომ უკვე დაინახა, რომ მოსკოვმა მნიშვნელოვნად გაზარდა ჯარები საზღვრის გასწვრივ. ის, ასევე, აღნიშნავს, რომ რუსეთი უკრაინას აგრესორად ნათლავს.

"ჩვენ ვნახეთ ეს სპექტაკლი 2014 წელს, როდესაც რუსეთი ბოლოს შეიჭრა უკრაინაში, როგორც ახლა, მათ მნიშვნელოვნად გაზარდეს საბრძოლო ძალები საზღვრის მახლობლად", — თქვა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, მათ კრემლს ნათლად უთხრეს, რომ მტკიცედ გასცემენ პასუხს, მათ შორის მთელი რიგი მაღალი გავლენის ეკონომიკური ზომებით, რომელთა გამოყენებაზეც წარსულში თავს იკავებდნენ. მან, ასევე, დასძინა, სანქციების დაწესებისთვის NATO-ც მზადაა.

უკრაინის საზღვართან რუსეთის ახალი სამხედრო მობილიზაციის შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კრემლი 10 ნოემბერსაც გააფრთხილა.

ამერიკული დაზვერვის წარმომადგენლებმაც მოკავშირეები გააფრთხილეს, რომ ცოტა დრო დარჩა, რათა რუსეთს უკრაინაში სამხედრო მოქმედებების განხორციელებაში ხელი შეუშალონ. აშშ-მ ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა შეერთებულ შტატებთან იმუშაონ, რათა მოსკოვის შეკავების მიზნით ეკონომიკური და სამხედრო ზომების პაკეტი შეიმუშაონ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ნოემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ მის საზღვართან დაახლოებით, 90 000 რუსი ჯარისკაცი გადაისროლეს. გაურკვეველი იყო, რამდენი მათგანი იყო ადგილზე ახლად განლაგებული.

აშშ-მ და მოკავშირე ოფიციალურმა პირებმა განგაში ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში ატეხეს, როდესაც მოსკოვმა უკრაინის საზღვართან დიდი რაოდენობით სამხედრო ძალა განალაგა.

გაიგე მეტი: