ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თავად არის კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი, აშშ-ს ელჩი კი არა. ასე უპასუხა მან კელი დეგნანის კრიტიკას საარჩევნო ბარიერის დაწევაზე უარის თქმის გამო.

"პირველ რიგში მე ვარ ამ საქმის სპეციალისტი. უშუალოდ ამ სფეროს სპეციალისტი, რასაც ჰქვია კონსტიტუციური სამართალი და შემიძლია გითხრათ, რომ 2%-იანი, უფრო დაბალი ბარიერი მოქმედებს ევროკავშირის წევრ მხოლოდ ორ ქვეყანაში. არცერთ ამ ქვეყანაში არ ყალიბდება ტირანია. ამას გეუბნებით როგორც ექსპერტი. რა თქმა უნდა, ქალბატონი კელი არ არის თვითონ ექსპერტი.

რაც შეეხება პლურალიზმს და მრავალფეროვნებას, ამას უზრუნველყოფს სწორედ პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც საქართველოში — პირველად, საქართველოს ისტორიაში — დანერგა სწორედ ქართულმა ოცნებამ და ეს სისტემა ამოქმედდება 2024 წლიდან", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში სწორედ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი მოქმედებს და სისტემა, რომელიც უნდა ამოქმედდეს ქვეყანაში 2014 წლიდან "შესაბამისობაშია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან".

შენიშვნას, რომ ბარიერის დაწევის შესახებ პუნქტი მიშელის შეთანხმებაში იყო განსაზღვრული, კობახიძემ ასე უპასუხა:

"არ არსებობს არავითარი შეთანხმება".

დღეს, საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ დემოკრატია აზრთა სხვადასხვაობაა, ერთი აზრის დომინირება მის პრინციპებს რისკის ქვეშ აყენებს, ეს კი ზოგიერთს არ ესმის. კობახიძის მიმართ ჟურნალისტების კითხვა სწორედ იმას გულისხმობდა, მოიაზრებდა თუ არა ის თავს "ზოგიერთებში", ვისზეც დეგნანმა ისაუბრა.

აშშ-ს ელჩის თქმით, 5%-იანი ბარიერის დატოვება არ არის გზა საპარლამენტო მრავალფეროვნებისკენ და ამაზე თანხმდებიან საერთაშორისო ექსპერტები და პოლიტიკოსები. დეგნანი აღნიშნავს, რომ თუ პოლიტიკური პარტიების და ქართული ოცნების შეთანხმება არ შესრულდება, ეს სამწუხარო ფაქტი იქნება.