ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საარჩევნო სისტემაზე ფართო კონსესუსით მიღებული შედეგი არ დაიკარგოს. მისივე თქმით, ახლაც შესაძლებელია საუბარი იმაზე, თუ რა არის ოპტიმალური პროცენტული მაჩვენებელი პლურალიზმის მისაღწევად, თუმცა ოპოზიციური პარტიების შეთანხმება სულ რაღაც სამი თვის წინ შედგა.

"რჩევის მიცემა, თუ რა არის საუკეთესო პროცენტი იმისთვის, რომ დაცული იყოს პლურალიზმი, ამაზე საუბარი შეგვიძლია. მაგრამ მნიშნველოვანია, რომ ამაზე საუბარი დაიწყო შემოდგომაზე, შემდეგ, გაზაფხულზე ჩატარდა მედიაციის პროცესი, რომლის შედეგადაც მივიღეთ 19 აპრილის შეთანხმება, რომლის კულმინაციური შედეგი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება 2%-იან ბარიერზე.

ეს პარლამენტმა ყველა ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერით მიიღო — 126 ხმით, ეს სულ რაღაც სამი თვის წინ მოხდა. ფართო კონსესუსით მიღებული შედეგი არ უნდა დაიკარგოს, უნდა გაგრძელდეს", — განაცხადა მან. [ფორმულას თარგმანი]

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2%-იანი საარჩევნო ბარიერი მათ "კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული". მან ასევე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების არავითარი აუცილებლობა არ არსებობს. კობახიძის თქმით, 5%-იანი ბარიერი თავსებადია დემოკრატიულ სტანდარტებთან.

შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე შემუშავებული კანონპროექტი გულისხმობდა საკონსტიტუციო ცვლილებებს საარჩევნო ბარიერზე, ფრაქციების შექმნასა და გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებას. პროექტის მიხევდით, მომავალ ორ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი ბუნებრივსა და 2%-ს შორის უნდა ყოფილიყო, ხოლო ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი უნდა ყოფილიყო მინიმუმ 4 წევრი, მათ შორის, მაჟორიტარები.

ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ კეთილსინდისიერად, რაც არასწორია. მათი აზრით, 100 დღეში თავი ამოწურა დოკუმენტმა, რომლის გამოც შარლ მიშელი და კრისტიან დანიელსონი საქართველოს არაერთხელ ეწვივნენ და რომლის მიღებაშიც არაერთი ქვეყნის ელჩი იყო ჩართული.