"სხვაზე დამოკიდებული ცხოვრება ღირსების შემლახველია", "ზრდასრული რეაბილიტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", "გაითვალისწინეთ ჩვენი საჭიროებები და არა დიაგნოზი", "სექსუალური ცხოვრება ჩემი უფლებაა" — ამ და სხვა მოთხოვნებით გამართეს მსვლელობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე.

ფოტო: On.ge/ელენე ზაქაშვილი

ფოტო: On.ge/ელენე ზაქაშვილი

აქტივისტი და მსვლელობის მონაწილე, ნატალი ბუკია ამბობს, რომ ამ ფორმით საზოგადოებას მთავარ მესიჯებს აცნობენ და საკუთარ პრობლემებზე საუბრობენ.

ნატალი ბუკია

ფოტო: On.ge/ელენე ზაქაშვილი

"ჩვენი მთავარი მესიჯია ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის დამოუკიდებელი ცხოვრება და რომ სხვაზე დამოკიდებული ცხოვრება ლახავს ღირსებას; რამდენად მნიშვნელოვანია პირადი ასისტენტის ინსტიტუტი. აუცილებელია, რომ ის სერვისები, რომლებიც დღეს არ მოგვეწოდება, სახელმწიფოს მხრიდან ჰქონდეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. ჩვენი მთავარი მესიჯებიც სწორედ ამას შეეხება. რა თქმა უნდა, ასევე, გვინდა, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შშმ პირების მიმართ. იმიტომ, რომ ცნობიერება ნაკლებია დღეს საზოგადოებაში და ის სტერეოტიპები და სტიგმები, რომლითაც ჩვენ აღგვიქვამენ, სწორედ იქიდან გამომდინარეობს, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია ჩვენი საჭიროებების შესახებ", — გვითხრა ნატალი ბუკიამ.

ფოტო: On.ge/ელენე ზაქაშვილი

კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის თავმჯდომარის, გიორგი ძნელაძის თქმით, საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის მთავარია დამოუკიდებელი ცხოვრება. როგორც ძნელაძე აღნიშნავს, არჩევანის უფლება ნებისმიერს უნდა ჰქონდეს.

"დამოუკიდებელი ცხოვრება ყველასთვის მნიშვნელოვანია და გამონაკლისს არც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ. მსვლელობით ვცდილობთ ის სირთულეები გავაჟღეროთ, რომლებიც დამოუკიდებელი ცხოვრების მიღწევაში გვიშლის ხელს. დღევანდელი დღეც სწორედ ამ ბრძოლას ეთმობა — თქვენ და ჩვენ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის უფლება", — თქვა გიორგი ძნელაძემ.

ფოტო: On.ge/ელენე ზაქაშვილი

3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. საქართველოში შშმ პირთა ოფიციალური, ერთიანი სტატისტიკა არ გვაქვს. თუმცა სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის დეკემბრის მონაცემებით, 126 638 შშმ პირი იღებს სოციალურ მომსახურებას, მათგან 11 653 ბავშვია.