გერმანიაში მდებარე ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა, კოლეგებთან ერთად, ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც მცირე ზომით გამოირჩევა და საკუთარი ვარსკვლავის გარშემო გადაადგილებას სულ რაღაც 7.7 საათს ანდომებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ციურ სხეულზე 1 წელი თითქმის 8 საათს გრძელდება.

GJ 367b-ს სახელით ცნობილი ეგზოპლანეტა GJ 367-ად წოდებული წითელი ჯუჯის ტიპის მნათობის ირგვლივ მოძრაობს, რომელიც ჩვენი მზისგან მხოლოდ 31 სინათლის წლითაა დაშორებული. ეს მყარი ობიექტი დედამიწაზე 30 პროცენტით პატარაა, მასით კი 45 პროცენტით ჩამორჩება.

ხანმოკლე ორბიტული პერიოდის მქონე მსგავსი ციური სხეულები ასტრონომების მიერ ნაკლებადაა შესწავლილი, ამიტომ ერთ-ერთი მათგანის ახლო მანძილზე აღმოჩენა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ის მკვლევრებმა კოსმოსური ტელესკოპის TESS მეშვეობით დააფიქსირეს, რომელმაც GJ 367b ტრანზიტის მეთოდის დახმარებით შენიშნა. ამ დროს ეგზოპლანეტის არსებობის მთავარი ინდიკატორი ვარსკვლავთან მისი ჩავლისას შეცვლილი სინათლეა.

ობიექტის მახასიათებლების დასადგენად სპეციალისტებმა სპექტროგრაფი HARPS გამოიყენეს, რომლის მიერ მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობითაც დაასკვნეს, რომ GJ 367b დედამიწაზე მკვრივია და რკინისგან შედგენილი ბირთვი აქვს. მნათობთან სიახლოვის გამო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იქ ჩვენთვის ნაცნობი სიცოცხლის ფორმები ბინადრობდნენ, რადგან ის დიდძალ გამოსხივებას იღებს.

ეგზოპლანეტის ერთი მხარე ყოველთვის ვარსკვლავისკენაა მიმართული და იქ ტემპერატურა 1 500°C-ს აღწევს. გამოცემაში Science გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორთა განცხადებით, თუ მას ოდესმე ატმოსფერო ჰქონდა, განვითარების ადრეულ ეტაპზევე დაკარგავდა.

GJ 367b-ის სტრუქტურისა და შემადგენლობის მიხედვით, შესაძლოა, რომ ის უფრო დიდი ციური სხეულის ნარჩენი იყოს, მაგალითად, ნეპტუნის ზომის აირის გიგანტის. ახალი მიგნება მსგავსი სისტემების ფორმირების შესახებ მეტის გაგების საშუალებას მოგვცემს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.