The Washington Post-ის განცხადებით, რუსეთი უკრაინაზე მასობრივ თავდასხმას 175 000 სამხედროს მონაწილეობით გეგმავს. მედია ინფორმაციას აშშ-ის ოფიციალურ პირებსა და მათ მიერ მოპოვებული დაზვერვის დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ ცნობების თანახმად, კრემლს ფართომასშტაბიანი შეტევა მომავალი წლის დასაწყისისთვის სურს.

"რუსეთის გეგმები ითვალისწინებს უკრაინაზე თავდასხმას 2022 წლის დასაწყისში, თუმცა ორჯერ უფრო მეტი ძალებით, ვიდრე გასულ გაზაფხულზე, უკრაინის საზღვართან რუსეთის წვრთნების დროს ვიხილეთ. ეს მოიცავს 100 საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფების მოძრაობას, დაახლოებით, 175 ათასი სამხედროთი, ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და აღჭურვილობით", — The Washington Post-ს ანონიმურად განუცხადა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

მედიის მიერ მოპოვებული დაზვერვის დოკუმენტები სატელიტის ფოტოებს ეყრდნობა, სადაც რუსული სამხედროების 4 ლოკაციაზე კონცენტრაცია ჩანს. WP-ს განცხადებით, ამჟამად, 50 ტაქტიკური ჯგუფია განლაგებული "ახლად ჩასულ" ტანკებთან და არტილერიასთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრას გამართვენ, სადაც უკრაინაში არსებულ დაძაბულ ვითარებას განიხილავენ. ბაიდენი უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო მოქმედებებზე აშშ-ის შეშფოთებას გაუსვამს ხაზს და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაადასტურებს.

2 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის წინ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა კრემლი გააფრთხილა, უარი თქვას უკრაინის დესტაბილიზაციის მცდელობებზე და განაცხადა, რომ რუსეთის ნებისმიერი სამხედრო ქმედება კრემლისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება. მისივე თქმით, არ იცის მიიღო თუ არა პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ნოემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ მის საზღვართან დაახლოებით, 90 000 რუსი ჯარისკაცი გადაისროლეს. უკრაინის საზღვართან რუსეთის ახალი სამხედრო მობილიზაციის შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კრემლი 10 ნოემბერსაც გააფრთხილა.

გაიგე მეტი: