თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ბავშვებმა და მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი. ასე ეხმაურება ის ისტორიის წიგნში ქართული ოცნების დამფუძნებლის შეტანის გამო დაწყებულ პროტესტს.

კალაძის აზრით, ივანიშვილს უდიდესი როლი აქვს შესრულებული საქართველოს უახლოეს ისტორიაში და მან ქვეყანა "უფსკრულში გადაჩეხვას" გადაარჩინა.

"ბევრს არ მოწონდა სააკაშვილის რეჟიმი, იყვნენ კონკრეტული ოპოზიციური პარტიები, პოლიტიკოსები, თუმცა, ვერავინ ვერ მაოხერხა ის, რაც მოახერხა ბიძინა ივანიშივილმა. ამ ადამიანმა მოახერხა გაერთიანება ყველა ოპოზიციური პარტიის. ერთიანი ძალისხმევით, მისი თაოსნობით, ქართველი ხალხის მხარდაჭერით ჩვენ დავამთავრეთ ის ბოროტება, ის სისხლიანი რეჟიმი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენდა. რა თქმა უნდა, ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა უნდა იცოდეს, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის", — განაცხადა მან.

განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებულ ისტორიის სახელმძღვანელოებში ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფია შეიტანეს. დიოგენეს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილი ცნობილ ქველმოქმედად და მეცენატადაა მოხსენიებული. გამომცემლობა ლოგოსპრესი კი, მოსწავლეებს ივანიშვილის შედარებით ვრცელ ბიოგრაფიას სთავაზობს და წერს, რომ ის ბიზნესმენი, პოლიტიკოსი და ქველმოქმედია, ხოლო პოლიტიკაში მოსვლამდე კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-აღდგენის პროექტებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს აფინანსებდა. ამასთანავე, წიგნში წერია ინფორმაცია მისი დაარსებული ბანკების შესახებაც.

გარდა ამისა, სახელმძღვანელოებში საუბარია ვარდების რევოლუციასა და რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდზე. წიგნებში 2012 წლის მოვლენები დადებითადაა შეფასებული და წერია, რომ ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად ევროპული კურსი არათუ შეიცვალა, არამედ, უფრო მეტად გაღრმავდა.

გაიგე მეტი: