Tbilisi Pride პარლამენტს სთხოვს შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია 5 ივლისის საქმეებზე. გარდა ამისა, გამოიყენონ ყველა სხვა საპარლამენტო მექანიზმი, რაც ხელს შეუშლის ქვეყანაში "ღიად ძალადობრივი და ანტისახელმწიფოებრივი ძალების გაძლიერებას".

Tbilisi Pride ეხმაურება პრორუსული და ძალადობრივი ჯგუფის, ალტ-ინფოს პარტიად რეგისტრაციას და აცხადებს, რომ ეს არის "უდიდესი ჩავარდნა როგორც ადამიანის უფლებების, ასევე უსაფრთხოების სფეროში".

"ალტ-ინფო 5 ივლისს მომხდარი ჰომოფობიით მოტივირებული ძალადობის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია. ორგანიზებული ძალადობის შედეგად, ქვიარ ადამიანებს შეგვეზღუდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებები, დაშავდა ათობით ჟურნალისტი, და რაც ყველაზე ტრაგიკულია, გარდაიცვალა ლექსო ლაშქარავა [...]

ჩვენ მიგვაჩნია, რომ “ალტ-ინფოს” მიმართ სახელმწიფო თანამდებობის პირებისა და ინსტიტუტების მიერ გატარებული პოლიტიკა - ულტრამემარჯვენე რადიკალიზაციისა და ძალადობრივის ექსტრემიზმის პრევენციის პოლიტიკის არარსებობა, მათი დანაშაულების დაუსჯელობა, ძალადობის ირიბი წახალისება, და ბოლოს, მათი პარტიად რეგისტრაცია - არის უდიდესი ჩავარდნა როგორც ადამიანის უფლებების, ასევე უსაფრთხოების სფეროში", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

თბილისი პრაიდი აცხადებს, რომ ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებით იბრძოლებენ სამართლიანობის აღსადგენად.