ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდის წევრები ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის პატივსაცემად სეზონის ბოლოსწინა მატჩზე სიმბოლური მაისურებით ითამაშებენ. ფეხბურთელების მაისურებზე მათი გვარის ნაცვლად "მაყაშვილი" ეწერება.

"აგვისტოში, მარო მაყაშვილის დაბადების დღეს, გუნდს სპეციალური მაისურებით უნდა ეთამაშა, თუმცა ჩემპიონატი დროებით შეწყდა. გმირები აგვისტოშიც გმირები არიან, დეკემბერშიც და მუდამ გმირებად რჩებიან. სეზონის ბოლოსწინა მატჩზე, ქსკ კვარტალთან ფეხბურთელები სიმბოლური მაისურებით გამოვლენ", — აცხადებს გუნდი.

საქართველოს ეროვნული გმირი, წითელი ჯვრის მოწყალების და, მარო მაყაშვილი სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში, თბილისის მისადგომებთან 1921 წლის თებერვალში დაიღუპა. ის საარტილერიო დაბომბვას შეეწირა.