პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს და კიდევ ერთხელ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრულ მხარდაჭერასა და ერთგულება ადასტურებს. ზურაბიშვილის განცხადებით, სჯერა რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს და მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა ყველას ინტერესშია.

"მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს, რომელთანაც გვაახლოებს ისტორიული მეგობრობა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საბჭოთა წარსულის დაძლევის, ახალი თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის და ევროპული ინტეგრაციის გზა. მჯერა, რომ უკრაინა გაუძლებს არსებულ დაძაბულობას და საფრთხეს და საკუთარ არჩეულ გზას ვერავინ და ვერაფერი შეაცვლევინებს", — აცხადებს ზურაბიშვილი.

ის, ასევე, აღნიშნავს, რომ ეს არის ის, რაც ქართულ საზოგადოებას უნდა აინტერესებდეს, აღელვებდეს, რადგან საქართველოსა და რეგიონის მშვიდობა და განვითარება ერთმანეთისგან განუყოფელია. ზურაბიშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ საზოგადოება ბოლო დროს უფრო ვიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის აქციებითა და ერთმანეთთან ანგარიშსწორებით არის დაკავებული.

"ვწუხვარ, რომ ჩვენი საზოგადოება ამ ბოლო დროს უფრო დაკავებულია ვიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის აქციებით და ერთმანეთთან ანგარიშსწორებით, ვიდრე იმით, რაც შეჰფერის, ჩემი აზრით, ევალება კიდევაც ჩვენს საზოგადოებას, დაინტერესდეს ქვეყნის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით, იქნება ეს ჩვენს ორ მეზობელს შორის კონფლიქტის შემდგომი მდგომარეობის განვითარება თუ უკრაინის საზღვარზე შექმნილი დღევანდელი ვითარება. ეს არის ის, რაც უნდა გვაინტერესებდეს, გვაღელვებდეს, რამეთუ ჩვენი და ჩვენი რეგიონის მშვიდობა და განვითარება ერთმანეთისგან განუყოფელია", — აცხადებს პრეზიდენტი.

დღეს პრეზიდენტის რეზიდენციასთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

აშშ-მ და მოკავშირე ოფიციალურმა პირებმა განგაში ჯერ გასულ თვეს ატეხეს. ამერიკული დაზვერვის წარმომადგენლებმაც მოკავშირეები გააფრთხილეს, რომ ცოტა დრო დარჩა, რათა რუსეთს უკრაინაში სამხედრო მოქმედებების განხორციელებაში ხელი შეუშალონ. აშშ-მ ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა შეერთებულ შტატებთან იმუშაონ, რათა მოსკოვის შეკავების მიზნით ეკონომიკური და სამხედრო ზომების პაკეტი შეიმუშაონ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ნოემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ მის საზღვართან დაახლოებით, 90 000 რუსი ჯარისკაცი გადაისროლეს. გაურკვეველი იყო, რამდენი მათგანი იყო ადგილზე ახლად განლაგებული.