შვედეთში მდებარე სტოკჰოლმის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა უზარმაზარ ვარსკვლავთა წყვილის გარშემო მოძრავი ახალაღმოჩენილი ეგზოპლანეტის პირდაპირი გამოსახულება მოიპოვეს. ეს მიგნება ციური სხეულების ფორმირებაზე ჩვენს წარმოდგენას ცვლის.

საქმე იმაშია, რომ b Centauri b-ს სახელით ცნობილი ობიექტი 325 სინათლის წლის მოშორებით განლაგებულ მნათობთა ბინარული სისტემის ირგვლივ გადაადგილდება, რომელიც იმდენად გიგანტურია, რომ მის მახლობლად ეგზოპლანეტის არსებობა აქამდე შეუძლებლად მიიჩნეოდა

ვარსკვლავთა საერთო მასა მზისას 10-ჯერ აღემატება, თავად b Centauri b კი იუპიტერზე 10.9-ჯერ მასიურია. მისი ორბიტა მათგან 556 ასტრონომიული ერთეულის დისტანციაზეა.

ფოტო: ESO/Janson et al

ამგვარი მნათობების გამოსხივების ფონზე ციური სხეულის დაფიქსირება საკმაოდ ძნელია, თუმცა b Centauri b-ს ადგილმდებარეობამ მკვლევრებს ამის საშუალება მისცა. აღსანიშნავია, რომ ეს სისტემა სულ რაღაც 15 მილიონი წლისაა, ანუ ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. შედარებისთვის, ჩვენი მზე დაახლოებით 4.6 მილიარდი წლის წინ გაჩნდა.

მსგავს ვარსკვლავებს მძლავრი რენტგენული და ულტრაიისფერი რადიაცია ახასიათებთ, რაც იქ ეგზოპლანეტების ფორმირებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორია, მაგრამ, როგორც ჩანს, ყოველთვის ასე არაა.

გამოცემაში Nature გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორთა აზრით, აირისგან შედგენილი b Centauri b განადგურებისგან სისტემისგან სიშორემ იხსნა. თუმცა, თავდაპირველად ის მათთან ახლოს, მატერიის დისკიდან წარმოიქმნა. შემდეგ კი უკან გადაინაცვლა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.