პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ოპოზიცია პოლიტიკური ლიდერების დაკავებების ახალ ტალღას ელოდება. ეს განცხადება მან ოპოზიციის ლიდერების ერთობლივი შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

"ჩვენ ვხედავთ ძალიან ცხადად, რომ მიმდინარეობს ხელოვნურად დაჩქარებული, აბსოლუტურად პოლიტიზებული პროცესები, რომელიც ჩვენი მოლოდინით, მალე დასრულდება მორიგი დაკავებებით პოლიტიკური ლიდერების, ტელევიზიების ხელმძღვანელების და ა.შ.

თუ ქართულ ოცნებას აქვს რაიმე სახის ილუზია, რომ ამით ოპოზიცია დასუსტდება, მინდა დავარწმუნო, რომ პირიქით. დღევანდელი შეხვედრაც არის ამის დემონსტრირება — ჩენ ვართ აბსოლუტურად ერთიანები ამ საკითხში", — განაცხადა ხოშტარიამ.

გარდა ამისა, მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეროვნული მასშტაბით საუბრის დაწყების შესახებ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო უწოდა. ხოშტარია ამბობს, რომ კითხვის ნიშნების მიუხედავად, ოპოზიციას აქვს მზაობა და ინტერესი, ჩაერთოს ამ პროცესში.

რაც შეეხება ოპოზიციის სამომავლო გეგმებს, ხოშტარია ამბობს, რომ მათ შეიმუშავეს როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი ამოცანები და მზად არიან კონკრეტული, კოორდინირებული ნაბიჯების გადასადგმელად, თუმცა ის არ აკონკრეტებს დეტალებს.

დღეს ოპოზიციური პარტიების ერთობლივი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ისაუბრეს მიმდინარე "პოლიტიზებულ სასამართლო პროცესებზე" და შეთანხმდნენ ერთობლივ მოქმედებებზე.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მორიგი პროცესი გაიმართა. გარდა ამისა, ხვალ გაიმართება ხაზარაძე-ჯაფარაზე-წერეთლის საქმის ბოლო სხდომა.

გაიგე მეტი: