მინდა, რომ ქარგვის ეს აჭარული ტრადიცია გაგრძელდეს და არ დაიკარგოს...მე ჩემ გოგოს ვასწავლე, ვუთხარი, დედა, არ დაკარგო ეს და გავუკეთე რაღაც ნახატები. აკვანი ჰქონდა... პირველი ბაღანა რომ ეყოლა, ეს აკვანი მივუტანეთ და თან ნაქარგი მივაყოლე,

67 წლის ნაზი ქარცივაძე, სოფელ ფოთაროდან.

ნაზი, სენი, ჟუჟუნა — ქალები მაღალმთიანი აჭარიდან ქარგვის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას დღემდე ინარჩუნებენ. ისინი ნემსითა და ძაფით თეთრ ტილოზე გასაოცარ ფიგურებს ქარგავენ — ირმები, ყვავილები, ჩიტები, სცენები ვეფხისტყაოსნიდან ნაწილია იმ ორნამენტებისა, რომლებიც მხოლოდ აქ, ღორჯომში, ფოთაროში და მაღალმთიანი აჭარის სხვა სოფლებში იქმნება.

ეს ქალები ქართველი ფოტოხელოვანის, ირმა შარიქაძის დოკუმენტურ ფილმში, აჭარული მზითვის ფერი, საკუთარ ცხოვრებაზე გვიყვებიან და აჭარული ნაქარგობის უნიკალურ ნიმუშებს გვიჩვენებენ.

ფოტო: თორნიკე ზიზიაშვილი / On.ge

აჭარული ნაქარგობა ქართული ტრადიციული რეწვის ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ტრადიცია თაობიდან თაობებს გადაეცემოდა და აჭარელი ქალის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო. უნიკალური ფერები, ფორმები, მოხაზულობები და თემები, რომლებსაც ნაქარგები აერთიანებს, სამწუხაროდ, დღეს დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას.

მათ ხელახლა აღმოსაჩენად და შესანარჩუნებლად ირმა შარიქაძემ 2019 წლიდან კვლევა დაიწყო. მან მაღალმთიან აჭარაში ექსპედიციები მოაწყო, ადგილობრივებისგან უფრო მეტი გაიგო ამ გასაოცარი ტრადიციის შესახებ და დოკუმენტურ ფილმსა და ფოტოებში გააცოცხლა მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალების ხელსაქმე. ფილმში იგი დეტალურად გვიყვება ტრადიციაზე, რომელიც არა მარტო აჭარის, არამედ ქვეყნის კულტურული საგანძურია.

აჭარული ნაქარგობა ჯერ თბილისში, შემდგომ აჭარაში, აქ, ინწკირვეთში აღმოვაჩინე, ინწკირვეთი საოცარი სოფელია, სადაც ყველაზე კეთილი ადამიანები ცხოვრობენ და იისფერი სახლები დგას.

ირმა შარიქაძე

"აჭარაში ქალის ხელსაქმეს ოდითგანვე დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. აჭარული ნაქარგები მზითვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და ახალგაზრდა გოგოები საკუთარ მზითევს თვითონ იმზადებდნენ, საკუთარი ხელით ქარგავდნენ", — გვიამბობს ირმა ფილმში.

ფოტო: თორნიკე ზიზიაშვილი / On.ge

იგი ჰყვება, რომ ნაქარგის პირვანდელი ფორმის შესანარჩუნებლად ქალებს ძველი, დაზიანებული ნაქარგიდან ზუსტი კონტურები გადაჰქონდათ. "ისინი იღებდნენ თეთრ ქსოვილს, ასველებდნენ, ადებდნენ ძველ ნაქარგს, აკონტურებდნენ, ფერს აწერდნენ და შემდეგ ქარგავდნენ", — აღნიშნავს ირმა და დასძენს, რომ სწორედ ამ ტრადიციის შენარჩუნებით შემოგვენახა უძველესი ფორმები და სახეები.

ფოტო: თორნიკე ზიზიაშვილი / On.ge

აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან აჭარულ ნაქარგობას ქართული არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მიენიჭა და ამით კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგა ამ მაღალმხატვრული ღირებულების მქონე ტრადიციის შენარჩუნებისა და აღორძინებისთვის.

ამ ტრადიციის გასაცოცხლებლად კიდევ ერთი ინიციატივა თიბისისგან წამოვიდა და 14-16 დეკემბერს თიბისი კონცეპტის სივრცეში აჭარული ნაქარგობის პროექტის პრეზენტაცია იმართება.

პროექტი რამდენიმე კომპონენტს აერთიანებს:

  • ირმა შარიქაძის დოკუმენტურ ფილმს აჭარული მზითვის ფერი, რომელიც გადაღებულია თიბისის მხარდაჭერით;
  • ირმა შარიქაძის აჭარული ნაქარგობის თემაზე გადაღებული ნამუშევრების ფოტოგამოფენას;
  • პანელურ დისკუსიებს, რომელთა მთავარი თემებია ქალთა გაძლიერება რეგიონში და ქართული ნაქარგობა, როგორც ხელოვნება.

ფოტო: თორნიკე ზიზიაშვილი / On.ge

აჭარული ნაქარგობა და ქალების გაძლიერება რეგიონში

14 დეკემბერს პანელურ დისკუსიაზე ირმა შარიქაძესთან ერთად გაეროს ქალთა ორგანიზაციის, თიბისისა და EBRD-ის წარმომადგენლებიც წარდგნენ და ქალთა გაძლიერების საკითხები მიმოიხილეს.

"კარგად ვიცით, რომ ქალს წლების წინ არ ჰქონდა ხმის მიცემის უფლება, არ ჰქონდა შესაძლებლობა, ყოფილიყო მხატვარი, არტისტი, შემოქმედი, აერჩია საკუთარი პროფესია ან ქმარი. ამ ფენომენში, აჭარულ ნაქარგობაში, მე ვხედავ საოცარ ძალას, რომ არაკეთილგანწყობილი მოცემულობის მიუხედავად, როცა საზოგადოება არ განიხილავდა ქალების შემოქმედებით საწყისებს, ქალებმა მოახერხეს ტრადიცია შეექმნათ, შეექმნათ ვიზუალური სამყარო და სამეტყველო ენა, რომელიც ახლა არის დიდი კვლევის საგანი", — აღნიშნავს ირმა შარიქაძე.

ფოტო: თორნიკე ზიზიაშვილი / On.ge

ირმა მიიჩნევს, რომ გარდა მხატვრული ღირებულებისა, აჭარულ ნაქარგობებს აქვს დიდი პოტენციალი ბიზნესის მიმართულებით, რაც მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ყველა გმირი საკუთარი უნიკალური ისტორიის მატარებელია. მათ აქვთ სათქმელი, ისინი იაზრებენ, რომ ეს ტრადიცია არ უნდა დაიკარგოს. ხოლო ჩვენი მოვალეობაა, შევქმნათ რაღაც მოდელი, რომელიც გააძლიერებს მათ, გაჩნდეს ფინანსური დაინტერესება, რადგან მათ ამ კუთხით დამოუკიდებლობა ნამდვილად სჭირდებათ. ეს ქალის დამოუკიდებლობას და რეალიზაციას ნიშნავს. ვფიქრობ, დღეს, 21-ე საუკუნეში, სრულიად შესაძლებელია, რომ იცხოვრო ღორჯომში და იყო ფინანსურად დამოუკიდებელი,

ამბობს ირმა.

ანა ფაშალიშვილმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, დისკუსიაზე სოფლად ქალების შრომის, დასაქმების, ინფრასტრუქტურის პრობლემების შესახებ გაამახვილა ყურადღება და ასევე განიხილა, როგორ შეიძლება ტრადიციული საქმიანობა ქალებისთვის შემოსავლის წყაროდ გადაიქცეს.

"ეს ნაქარგობები, რასაც ვუყურებთ, ნამდვილი საგანძურია. ქალებს კი ხშირად არ აქვთ აღქმა, რომ საქმე, რომელსაც აკეთებენ, ტრადიციის გარდა, შეიძლება შემოსავლის წყაროდაც იქცეს. ამას სჭირდება მუშაობა, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, განათლება, რაშიც მოიაზრება, მაგალითად, ტრენინგები მეწარმეობის, გაყიდვების კუთხით. პირველი ბიძგი შეიძლება ის იყოს, რომ ვუთხრათ — 'შენ ეს შეგიძლია და ეს სხვისთვისაც საინტერესოა' და თუ ამას მოსდევს მცირე ფინანსური წახალისება, მცირე საგრანტო დაფინანსება, ეს კიდევ უფრო დიდი მოტივატორია, რომ საქმიანობის კომერციალიზაცია შეძლონ", — ამბობს ანა.

ფოტო: თორნიკე ზიზიაშვილი / On.ge

მაკა ბოჭორიშვილი, თიბისის გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი აღნიშნავს, რომ ქალების გაძლიერებისთვის მსგავსი მაგალითების ჩვენება უაღრესად მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მისი თქმით, აუცილებელია ქალებს გადავცეთ ცოდნის ისეთი კომპონენტები, რაც დაეხმარებათ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში. იგი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდების დახმარებით და სოციალური მედიის გამოყენებით ტრადიციული საქმიანობა შესაძლოა თანამედროვე საოჯახო ბიზნესადაც იქცეს. რაც მთავარია, იგი მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა შესაძლებელია მაშინაც, როცა იგი მეწარმეობად იქცევა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ხელობა, რომელსაც ქალები ყოველდღიურად მისდევენ, დაფასდეს. საქართველოში გვაქვს შემთხვევები, როცა კულტურული მემკვიდრეობა იქცა წარმატებულ მეწარმეობად. მომავალი თაობისთვის, ალბათ, სწორედ ასე შეგვიძლია შემოვინახოთ ტრადიცია. ასეა შესაძლებელი, რომ ეს ნიმუშები მხოლოდ მუზეუმის ექსპონატებად არ იქცეს", — ამბობს მაკა ბოჭორიშვილი.

მარიამ ქობალია, EBRD გენდერისა და ეკონომიკური ინკლუზიის პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში, მიიჩნევს, რომ აჭარული ნაქარგობის პროექტი მხოლოდ იქაური ქალებისთვის კი არ არის მასტიმულირებელი, არამედ მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს თუნდაც სხვა სფეროებში დასაქმებული სხვა ქალებისთვისაც, რომლებსაც თავიანთი საქმიდან შემოსავლის წყაროს მიღება სჭირდებათ.

ფოტო: თორნიკე ზიზიაშვილი / On.ge

"ჩვენ რამდენიმე საკითხზე ვსაუბრობთ: როგორ მივცეთ ქალებს ხელმისაწვდომობა უნარებზე, კონსულტაციებსა და ტრენინგებზე, ფინანსებზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სერვისები და ინფრასტრუქტურა იყოს ინკლუზიური ", — ამბობს მარიამი და დასძენს, რომ ამ ყველაფერზე ქალების დამოუკიდებლობაა დაკავშირებული.

დისკუსიაზე სპიკერებმა ასევე აღნიშნეს პანდემიის პერიოდში გამწვავებული პრობლემები, რომელთა წინაშე განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები ქალები აღმოჩნდნენ და მიმოიხილეს ის ფინანსური თუ საგანმანათლებლო ინსტრუმენტები, რომლებიც მათ გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია.

აჭარული ნაქარგობის პროექტის მომავალი

ფოტო: თორნიკე ზიზიაშვილი / On.ge

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ აჭარული ნაქარგობის პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. ირმა შარიქაძის აზრით, ფილმი — აჭარული მზითვის ფერი პირველი გზავნილია ფართო საზოგადოებისთვის.

"მე მაქვს ძალიან დიდი სურვილი, გარდა ჩემი მოწონებისა და აღფრთოვანებისა, გამოვხატო აჭარელი ქალებისადმი დიდი მხარდაჭერა და გავაძლიერო ისინი. შევუქმნა მათ თუნდაც მცირე სახელოსნო, სადაც შეძლებენ მუშაობას. ამის განხორციელებისთვის თიბისის, ბიზნესსექტორისა და სახელმწიფოს ჩართულობის დიდი იმედი მაქვს", — ამბობს ირმა.

ფოტო: თორნიკე ზიზიაშვილი / On.ge

თიბისიში კი მიიჩნევენ, რომ ამ პროექტში თაობები და ხელოვნების მრავალი დარგი ერთიანდება, ამიტომაც განაგრძობენ ქალთა გაძლიერებას და გეგმავენ, რომ ტრადიციული საქმიანობა, რომელიც უკვე კულტურულ მემკვიდრეობად იქცა, მომავალი თაობისთვის ხელშესახებად აქციონ.