ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ხვალ პრეზიდენტის მიერ გამართულ საახალწლო მიღებას არ დაესწრებიან. მისი თქმით, ზურაბიშვილს შეხვდებიან მაშინ, როდესაც განიხილავენ, მის მიერვე დაანონსებულ ინიციატივას.

"ვინაიდან ეს არის კლასიკური საახალწლო ტიპის მიღება, ჩვენ მადლობა მათ მოპატიჟებისთვის, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობას არ მივიღებთ. მივიღებთ მას შემდეგ მონაწილეობას, როდესაც შეხვედრა გაიმართება იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ქალბატონმა ზურაბიშვილმა ისაუბრა რამდენიმე დღის წინ", — თქვა მელიამ.

პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიებისათვის ხვალ, 16 დეკემბერს საახალწლო მიღებას ორბელიანების სასახლეში გამართავს.

მიღებას არ აესწრებიან არც ლელოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ხვალ საქალაქო სასამართლოში მათი საქმის ბოლო სხდომაა.