ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2013 წლის 17 მაისის საქმის დაზარალებულებისთვის სახელმწიფოს €193 500-ის გადახდა დააკისრა. სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ ყველა პალიკანტის მიმართ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა (მუხლი 3); დაირღვა ლგბტქ ადამიანებისა და ორგანიზაციების მშვიდობიანი შეკრების უფლება (მუხლი 11) დისკრიმინაციულად (მუხლი 14).

სასამართლომ, ასევე, დაადგინა, რომ ლგბტ დემონსტრანტების ბრბოსგან დასაცავად ხელისუფლებამ ზომები ვერ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მოვლენასთან დაკავშირებული რისკების შესახებ საქმის კურსში იყო. გარდა ამისა, სასამართლო ამბობს, რომ არსებობდა მტკიცებულებები, კერძოდ, დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიერ გადაღებული ვიდეოკადრები, რომ მზადდებოდა ძალადობა.

საქმე, რომელსაც ევროპულმა სასამართლომ უპრეცედენტო ძალადობა ლგბტ დემონსტრანტების მიმართ სახელმწიფოსთან შეთანხმებით უწოდა, იდენტობამ და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა (WISG) წარადგინა.

"2013 წლის 17 მაისს, 2012 წლის 17 მაისისგან განსხვავებით, ძალიან ბევრი კონტრდემოსტრანტი მობილიზდა რუსთაველის გამზირზე საპატრიარქოსა და სიძულვილის ჯგუფების ორგანიზებით. მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები დატყვევებულები აღმოჩნდნენ. შემდგომ არცერთი გამოძიება არ დასრულდა, 100-100 ლარით დააჯარიმეს თავდამსხმელები და მხოლოდ ამით შემოიფარგლა სახელმწიფო", — ამბობს On.ge-სთან აქტივისტი და იურისტი ნინო ბოლქვაძე, რომელიც, ასევე, სტრასბურგის სასამართლოში ამ საქმის ერთ-ერთი წარმდგენი იყო.

2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ძალადობრივმა ჯგუფებმა, მათ შორის ანაფორით შემოსილმა პირებმა მშვიდობიანი აქცია დაარბიეს. ამის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს ეს დღე "ოჯახის სიწმინდის დღედ" გამოაცხადა.