NASA-ის მარსმავალი Perseverance ერთი წელიც არაა, რაც მარსზეა და უკვე საინტერესო აღმოჩენებით გვაოცებს. ამ კვირაში ამერიკის გეოფიზიკური კავშირის შემოდგომის შეხვედრაზე, მთელი რიგი აღმოჩენების გამოცხადების შემდეგ, მეცნიერებმა ისიც აღნიშნეს, რომ იეზეროს კრატერი გამდნარი ვულკანური მაგმისგან ჩამოყალიბდა და რომ კრატერის ფსკერზე, მტვერსა და ქანებში ორგანული მოლეკულები აღმოაჩინეს.

თუმცა, ეს მარსზე სიცოცხლის არსებობაზე სულაც არ მიანიშნებს. ორგანული შენაერთები ის ნივთიერებებია, რომლებიც ნახშირბად-წყალბადის კავშირებს შეიცავს და მათი ფორმირება მთელი რიგი არაბიოლოგიური პროცესების შედეგად შეიძლება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ორგანული მოლეკულები აქამდე მარსზე Curiosity მოხეტიალემ და Mars Express ორბიტერმაც დააფიქსირეს.

თუმცა, ეს აღმოჩენა მიანიშნებს, რომ მარსის ქანებს ამ ნივთიერებების შენარჩუნება კარგად შეუძლიათ, რაც, თავის მხრივ, იმასაც მოწმობს, რომ აქ ბიოლოგიური ორგანული მასალის შენახვაც შესაძლებელია, რაც ძალიან კარგი ამბავია.

"ორგანული მოლეკულები აღმოაჩინა Curiosity-მაც, დაშვების ადგილას — გეილის კრატერზე", — ამბობს NASA-ის რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის პლანეტარული მეცნიერი სამხრეთ კალიფორნიაში, ლუთერ ბიგლი.

მოლეკულების დაფიქსირება Perseverance-მა ახალი ინსტრუმენტის — SHERLOC-ის გამოყენებით შეძლო.

"SHERLOC-ის საშუალებით მოხეტიალეს შეუძლია ქანებში ორგანული ნივთიერებების სივრცული განაწილების რუკა შექმნას და ეს ნივთიერებები იქ აღმოჩენილ მინერალებთან დააკავშიროს", — განმარტავს ბიგლი. "ეს გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ გარემოში ჩამოყალიბდნენ ორგანული მოლეკულები. მათი წარმოქმნის მეთოდის დასადგენად კი მეტი ანალიზის ჩატარებაა საჭირო".

მარსმავალი Perseverance პლანეტის რეგიონზე — იეზეროს კრატერზე ამ წლის თებერვალში დაეშვა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს ტერიტორია ერთ დროს წყლით უნდა ყოფილიყო დაფარული.

ჯერჯერობით, მარსიდან ნიმუშების დედამიწისკენ გამოგზავნის თარიღი ცნობილი არაა და ამას, სავარაუდოდ, ერთი წელი მაინც დასჭირდება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით გაგრძელდება.

შეზღუდული აღჭურვილობითაც კი, მონაცემები, რომლებსაც Perseverance დედამიწაზე აგზავნის, მარსის მეცნიერებისთვის ფასდაუდებელია როგორც ახლა, ასევე მომავალი მისიების დაგეგმვისთვისაც.

"როდესაც ეს ნიმუშები დედამიწამდე ჩამოაღწევს, ისინი მრავალი წლის განმავლობაში მეცნიერული გამოკვლევებისა და ახალი აღმოჩენების წყაროდ იქცევიან", — დაამატა ბიგლიმ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.