დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის (NCDC) ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართელოში ომიკრონის პირველი 2 შემთხვევა დაფიქსირდა. გამყრელიძის თქმით, ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა და მათ მოგზაურობის ისტორია აქვთ. ერთს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მეორეს კი დუბაიში. გამყრელიძის შეფასებით, ორივე შემთხვევაში ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს.

"რამდენიმეჯერ გადავამოწმეთ, როგორც სეკვენირებით, ისე სპეციალური PCR ტესტებით, რომელიც ჩვენ შაბათს მივიღეთ ჩვენი გერმანელი პარტნიორებისგან და ორ შემთხვევაში დადასტურდა. მიმდინარეობს მათი 26 კონტაქტის კვლევა. ერთ შემთხვევაში გვაქვს 10 კონტაქტი და მეორე შემთხვევაში 16. აქედან 11 გახლავთ უცხოელი და დანარჩენი საქართველოს მოქალაქეები. მიმდინარეობს მათი ჩაღრმავებული ეპიდკვლევა", — განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ომიკრონის შტამის მატარებელი ორივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს. როგორც გამყრელიძე ამბობს, ისინი საკუთარ სახლებში, იზოლაციაში არიან. გარდა ამისა, NCDC-ს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ამ ეტაპზეც მიმდინარეობს რამდენიმე საეჭვო ნიმუშის კვლევა.

კორონავირუსის ახალი ვარიანტი, ომიკრონი სამხრეთ აფრიკაში 25 ნოემბერს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი შტამი შეშფოთების საგნად გამოაცხადა. ომიკრონის გამო ევროკავშირის ქვეყნებმა და ამერიკის შეერთხებულმა შტატებმა სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიდან ფრენები აკრძალეს. რეგულაციები დაწესდა საქართველოშიც. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 8 ქვეყნიდან შემოსულ მგზავრებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

30 ნოემბერს დაავადებათა კონტოროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოშიც შემოაღწევს, თუმცა მისი თქმით, დაახლოებით, ერთი თვე მაინც აქვთ, რათა ახალი ვარიანტი შეისწავლონ.