ოჯახის წევრებისა და ახლობლების ინფორმაციით, რამაზ გერლიანი, რომელიც პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებდა, გაუჩინარდა. გერლიანი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ყოფილი მოადგილე, შავის ზღვის უნივერსიტეტის ლექტორი და ეკონომიკის ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტია.

ზეწოლისა და მუქარის შესახებ მან ფეისბუქგვერდზე გაუჩინარების დღეს, 19 დეკემბერს დაპოსტა. გერლიანი წერს, რომ რახან ხალხი ამ პოსტს კითხულობს "მთლად კარგად არ არის საქმე"; ამბობდა, რომ ღირსება შეულახეს და თავს ცუდად გრძნობს. მან გამოაქვეყნა სხვადასხვა საბუთი, მათ შორის, ერთ-ერთი პირის ფეისბუქგვერდის სქრინი და განაცხადა, რომ სწორედ ის ემუქრებოდა, შეიარაღებული დახვდა ბინაში და მიაყენა შეურაცხყოფა.

"ყოველი სუნთქვა თვეზე მეტია წამებად მექცა. ამ ნაგავმა "პოლიციელმა" ჩემივე ყოფილი ოჯახის წევრის დავარბოვკებითა და გამოყენებით მოახერხა, ჩემს კერძო საკუთებაში, ჩემს სამუშაო და ჩემი შვილების სამყოფელ სივრცეში ვირთხასავით შემოღწევა. 14 ნოემბერს შეიარაღებული დამხვდა ჩემს ბინაში თავხედურად ცრუ მოტივით დაკითხვა მომიწყო, მომაყენე შეურაცყოფა..." — ვკითხულობთ პოსტში.

გერლიანი აცხადებდა, რომ აღნიშნული პირი პოლიციის მუნდირის გამოყენებით საპოლიციო სისტემითა და სხვადასხვა საშუალებით მასსა და ოჯახის წევრებზე პერსონალურ ინფორმაციას აგროვებდა. გერლიანი ვარაუდობდა, რომ ის ვინმეს დავალებითა ან დაკვეთით მოქმედებდა და მოპოვებულ ინფორმაციას სხვას გადასცემდა. ასევე, წერდა შესაძლო თვალთვალსა და მიყურებაზეც.

მისივე თქმით, მომხდარზე პოლიციაშიც განაცხადა, თუმცა "კანონი დუმს", ხოლო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება საერთოდ არ დაიწყო. გერლიანი წერს იმასაც, რომ განადგურებულია და რაც უნდოდათ ის მიიღეს, მაგრამ მის მართვას ვერ შეძლებენ.

"პოლიციაში მდორედ მიდის საქმე, მიუხედავად იმისა, რომ 35 დღეა გასული ჩემი მიმართვიდან (ნაძალადევის მე-7 სამმართველო). გენერალური ინსპექციის კონკრეტული ზომების მიღების შესახებ ინფორმაცია არ არის. სახელმიწფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა ჩათვალა, მათ ქვემდებარე დანაშაულს არ განეკუთვნება, ანუ, გამოძიება არ დაიწყეს (არადა, კოდექსის 1143-ე მუხლი). პოლიცია მალავს მაგრამ მე თვითონ დავაიდენტიფიცირე და ვასაჯაროებ ამ ნაგავს", — წერდა ის.

რამაზ გერლიანის დის, ლენა გერლიანის განცხადებით, ამ დრომდე არაფერი არ გარკვეულა. მისი თქმით, გერლიანის ავტომობილი ავჭალის პოლიციასთან იპოვეს, შიგნით კი საბუთები და მანქანის გასაღები იყო. ამბობს, რომ ოჯახის წევრებს იმასაც ვერ ეუბნებიან, თუ ვინ დააყენა პოლიციის შენობასთან გერლიანის მანქანა.

"მანქანას ვნახულობთ სრულიად შემთხვევით, პოლიციის წინ. არის ღია მანქანა, დევს ღიად საბუთები და არ შეიძლება მისვლა და გაღება, იმიტომ, რომ ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებულა მანქანაზე. ვინ დააყენა ვერაფრის დიდებით ვერ გავიგეთ, იმიტომ, რომ კამერებს არ ხსნიან ჯერ, ყველაფერს თავისი დრო სჭირდება და 24 საათი თითქმის გადის განაცხადის მერე და არ გაკეთებულა არცერთი განცხადება. იმასაც ვერ მეუბნებიან, რომ ნამდვილად ჩემმა ძმამ დააყენა ეს მანქანა. რატომ არის მანქანა ღია, რატომ დევს მანქანაში გასაღები. ჩემი ძმა არ არის ის ადამიანი, რომელიც მანქანას ღიას დატოვებს, არ არის მოუწესრიგებელი", — აცხადებს ის ფორმულასთან.

როგორც On.ge-ს ოჯახის ახლობელმა, ლეონიდ გულუამ განუცხადა, გერლიანს ამ დრომდე მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. მისივე თქმით, ძებნა საკუთარი სახსრებით უწევთ.

გულუაც მიიჩნევს, რომ შესაძლოა, გაუჩინარება გერლიანის საქმიანობას უკავშირდებოდეს და მას შემდეგ, რაც გერლიანი პოლიტიკას ჩამოშორდა ძალიან ბევრ "უსამართლო საქმეს" ასაჩივრებდა, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, "მტრები" გაიჩინა.

"ძალიან ბევრ უსამართლო საქმეს ასაჩივრებდა, არამარტო თავისას, არამედ სხვისასაც, კერძო საკუთრება იყო თუ უსამართლოდ გადაცემული მიწები იყო, ქონება იყო, რაღაცები, რაც თვითონ იცოდა, მრავალ საქმეს აწარმოებდა ერთად. სავარაუდოდ, ამ განცხადებების მერე გაიჩინა მტრები, პირადიც და კერძოც და ალბათ ცოტა ისეთი თანამდებობრივი მტრებიც, რის მერეც დაუწყეს თვითონ მას შევიწროება, მოსმენები. თვითონაც იძახის ამას, რომ ვგრძნობო, რომ ყოველ წუთას მითვალთვალებენო და ეტყობა, ვიღაცის გზა მწარედ გადავკვეთეთო", — განაცხადა გულუამ.

On.ge მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა ამ ეტაპზე უწყებისგან პასუხს ველოდებით. ხოლო ინსპექტორის სამსახურში განაცხადეს, რომ
საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელი გერლიანს 6 დეკმბერს ესაუბრა და მისი მიწოდებული ინფორმაცია არ შეიცავდა უწყების ქვემდებარე დანაშაულის ნიშნებს.

"იკვეთებოდა შსს-ის თანამშრომლის მხრიდან შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტი და ინფორმაცია შესაბამისი წერილით გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში", — განგვიცხადეს უწყებაში.