ეკონომისტ რამაზ გერლიანის გაუჩინარების საქმეზე, რომელიც პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებდა, გამოძიება სისხლის სამართლის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ამის შესახებ On.ge-ს შსს-ში განუცხადეს.

გერლიანის ადვოკატის, მაგდა კოტრიკაძის განცხადებით, აქამდე არ დაკითხულა პირი, რომელზიც ზეწოლასა და მუქარაში დაადანაშაულეს. მისივე ინფორმაციით, გამოკითხვაზე არიან გერლიანის ოჯახის წევრები.

"დაიწყო გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით. გადმოყვანილი არიან ოჯახის წევრები, იკითხებიან, როგორც დედმამისშვილები, ასევე, მისი ყოფილი მეუღლე. [...] როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, მასზე გარკვეული თვალთვალი მიმდინარეობდა და გარკვეული ადამიანები ახორციელებდნენ ამ თვალთვალს და ამასთან დაკავშირებით ითხოვდა გამოძიების დაწყებას", — აცხადებს ის.

ამასთან, მედიის ცნობით, გერლიანის ავტომობილში, რომელიც ავჭალის პოლიციასთან აღმოჩინეს, წერილია დატოვებული, სადაც ის წერს, რომ მანქანაში მოსასმენი აპარატურაა დამონტაჟებული.

გერლიანმა ზეწოლისა და მუქარის შესახებ ფეისბუქგვერდზე გაუჩინარების დღეს, 19 დეკემბერს დაპოსტა. ის წერდა, რომ რახან ხალხი ამ პოსტს კითხულობს "მთლად კარგად არ არის საქმე"; ამბობდა, რომ ღირსება შეულახეს და თავს ცუდად გრძნობს. მან გამოაქვეყნა სხვადასხვა საბუთი, მათ შორის, ერთ-ერთი პირის ფეისბუქგვერდის სქრინი და განაცხადა, რო სწორედ ის ემუქრებოდა, შეიარაღებული დახვდა ბინაში და მიაყენა შეურაცხყოფა. აღსანიშნია, რომ ცოტახნის წინ აღნიშნული პოსტი წაიშალა. ოჯახის წევრები და ახლობლები მას გუშინდელის შემდეგ ეძებენ.

გერლიანი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ყოფილი მოადგილე, შავის ზღვის უნივერსიტეტის ლექტორი და ეკონომიკის ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტია.

გაიგე მეტი: