აშშ-ის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, ასევე, კემბრიჯისა და კარდიფის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერთა განცხადებით, პლანეტა ვენერას ღრუბლებში შესაძლოა, სიცოცხლის ფორმები არსებობდნენ, რომელთა მსგავსიც აქამდე არ გვინახავს.

გამოცემაში PNAS გამოქვეყნებული ახალი ნაშრომის თანახმად, არაა გამორიცხული, რომ ეს ორგანიზმები იქ ამიაკს წარმოქმნიდნენ. ესაა აზოტისა და წყალბადისგან შედგენილი უფერო აირი, რომელიც შეიძლება, ჩვენი მეზობელი ციური სხეულის სიცოცხლესთან თავსებადობაზე მიმანიშნებელი ქიმიური რეაქციების ინდიკატორად მივიჩნიოთ.

დედამიწაზე ამიაკი წყლის ბინადართა მიერ გამოიყოფა. ვენერას ატმოსფეროს ზედა ფენაში მისი სავარაუდო კვალის ახსნას კი ასტრონომები 1970-იანი წლებიდან ცდილობენ. ეს პლანეტა იმდენად ცხელია, რომ იქ გადარჩენას მხოლოდ მიკრობები თუ მოახერხებენ, თუმცა ისეთები არა, როგორებსაც დედამიწაზე ვხვდებით.

ფოტო: flickr

სპეციალისტთა მიერ შექმნილმა კომპიუტერულმა მოდელმა აჩვენა, რომ თუ ვენერაზე ამიაკი მართლაც მოიპოვება, ის მთელ რიგ ქიმიურ რეაქციებს განაპირობებს, რომელთაც გარემომცველი გოგირდმჟავას განეიტრალების უნარი შესწევთ. მსგავს გარემოში კი მიკრობები მჟავიანობას უფრო მარტივად გაუძლებენ.

"წესით, ვენერაზე ამიაკი არ უნდა იყოს. ის წყალბადს შეიცავს, რომელიც იქ ძალიან მცირე რაოდენობით გვხვდება. შესაბამისად, ნებისმიერი აირი, რომელიც ამგვარ პირობებს არ შეესაბამება, ავტომატურად გვაძლევს საბაბს ვიეჭვოთ, რომ იქნებ, ცოცხალმა ორგანიზმმა წარმოქმნა ის", — წერენ ავტორები.

მნიშვნელოვანია, რომ ეს ციური სხეულის ატმოსფეროში ჟანგბადის, წყლის ორთქლის, გოგირდის დიოქსიდისა და არასფერული ნაწილაკების მაღალ კონცენტრაციასაც ხსნის, რაც მეცნიერებისთვის დეკადების განმავლობაში გამოცანად რჩებოდა.

"თუ იქ სიცოცხლის არსებობის სულ მცირე შანსი მაინც არის, ეს ეპოქალური აღმოჩენა იქნება, რომლამდეც გზის გავლა ნამდვილად ღირს", — აცხადებენ მკვლევრები.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.