პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვლი ეროვნული თანმხობისკენ მიმავალ პროცესში დიპლომატებს მხარდაჭერას სთხოვს. მისი თქმით, დიპლომატები იმისთვის არიან, რომ ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლის გზები გამონახონ.

"დავიწყე ეროვნული საუბრისა და თანხმობისაკენ მიმავალი პროცესი. ამ პროცესში თქვენი, ქვეყნის დიპლომატიური სამსახურის სრული მხარდაჭერა მჭირდება, რამეთუ თუ ეს პროცესი უნდა იყოს მხარდაჭერილი ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისა და ჩვენი დიასპორისგან, რომელთანაც უნდა დაამყაროთ ბევრად ღრმა ურთიერთობები.

არაერთხელ მითქვამს, რომ პატარა ქვეყნის დიპლომატია ეგზისტენციალურია, თქვენ ხელშია ქვეყნის რეპუტაცია, მის მიმართ ნდობა, და მაშასადამე მისი მხარდაჭერა. როგორც ყველა ჩვენგანს, თქვენც ბევრად მეტი გმართებთ, არასოდეს არ უნდა იფიქროთ, რომ რასაც აკეთებთ საკმარისია და ამით დაკმაყოფილდეთ, ყოველთვის მეტი უნდა ისურვოთ და მეტს მივაღწევთ", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი კონფლიქტების მოგვარებისა პროცესში ქალების მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი და 2022 წლის მაისში ქალ ლიდერთა კონფერენციის მოწვევა დააანონსა. მისი თქმით, კონფერენცია ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, პოლონეთის მხარდაჭერით გაიმართება.