შოთა ადამაშვილი ქართველ მაყურებელს შეიძლება ახსოვდეს სხვადასხვა სატელევიზიო მუსიკალური შოუდან: ამ მომღერალმა მაშინვე მიიქცია ყურადღება როგორც თავისი განსაკუთრებული სტილით, ისე შესრულებითაც.

წლების შემდეგ ის ისევ ქანთრის თავდადებული მუსიკოსია და თანაც ერთადერთი საქართველოში.

18 დეკემბერს მან თავის საავტორო სიმღერაზე Georgian Country Singer ვიდეოკლიპი გამოუშვა, რომელიც ნაწილობრივ შოთას მშობლიურ ქალაქ ბოლნისშია გადაღებული და როგორც ქანთრის შეეფერება, ვესტერნის ელფერი დაჰკრავს.

აღსანიშნავია, რომ შოთა ადამაშვილი ქანთრის სამშობლოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნამყოფი არ არის, თუმცა 6000-კილომეტრიანი დაშორების მიუხედავად, ამ ჟანრის მუსიკის სიყვარულმა მას ჯერ ინგლისურის სწავლისკენ უბიძგა, შემდეგ კი თავადაც დაწერა ამ ენაზე სიმღერები და ქართული ქარიზმით დღემდე ასრულებს კიდეც.

მართალია, შოთა ამერიკის სამხრეთ შტატებში არ ცხოვრობს, მაგრამ ქართულ გარემოშიც, სადაც ის ხშირად უცხოელი ჰგონიათ ან მის ნამღერს ვერაფერს უგებენ, ახერხებს, თავისი თვითმყოფადობა შეინარჩუნოს, რასაც სიმღერის ტექსტშიც ახსენებს ხუმრობით:

I’m a Georgian country singer, but this is not a state.
It’s a small and lonesome country, between two landscapes.
Is it Europe or even Asia? It’s not worth mentioning
People don’t even understand what kind of music I sing

ვიდეო დამწყებმა ქართველმა რეჟისორმა თეა ვაწაძემ გადაიღო. მასთან ერთად ვიდეოკლიპის შექმნაში მონაწილეობა მიიღო ამერიკელმა ჟურნალისტმა ვლადიკ რავიჩმა, რომელიც 2005 წლიდან საქართველოში ცხოვრობს და კავკასიის კულტურულ თუ სოციალურ მოვლენებზე რეპორტაჟებსა და დოკუმენტურ ფილმებს ამზადებს.

ისღა დაგვრჩენია, შოთას წარმატება ვუსურვოთ, მის ერთგულ მსმენელებს კი, რომელთა რიცხვიც, იმედია, კიდევ უფრო გაიზრდება, სულ უფრო მეტი შემოქმედებითი სიახლე ამ საინტერესო მუსიკოსისგან.